ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას შესაბამისი შედეგები მოჰყვება - სალივანი

პუბლიკა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობას მათგან სათანადო რეაქცია მოჰყვება.

სალივანის თქმით, ისინი უკრაინელ კოლეგებთან ერთად იკვლევენ გარემოებებს, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ჟურნალისტი ბრენტ რენო და შემდეგ რუსეთისთვის ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ამერიკული ვიდეოჟურნალისტი დღეს ირპენში მოკლეს. 51 წლის ბრენტ რენოს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული არაერთი ჭრილობა ჰქონდა. მასთან ერთად მყოფი ჟურნალისტი ხუან არედონდო კი დაიჭრა.

არედონდო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან მომხდარზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. არედონდო იხსენებს, რომ ისინი ირპენში მოქალაქეთა ევაკუაციის გადასაღებად იმყოფებოდნენ, შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და ვიღაცამ შესთავაზათ, რომ სხვა ხიდზე მოწყობილი გადასასვლელიც გადაეღოთ.

იქ მისვლისას კი მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს და ბრენტ რენო კისერში დაიჭრა. ამბის მოყოლისას არედონდომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი თანამგზავრი მოკლეს.