უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი NATO-სგან უკრაინის ცის დახურვას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ზელენსკი წერს, რომ ის აფრთხილებს ალიანსს, თუ ახლა უკრაინის ცას არ დახურავენ, რუსული რაკეტების შემდეგი სამიზნე უკვე NATO-ს ტერიტორია გახდება.
„გასულ წელს მე გავაფრთხილე NATO-ს ლიდერები: თუ არ იქნება მკაცრი, პრევენციული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ის ომს დაიწყებს. მართალი აღმოვჩნდი. მე ვიმეორებ კიდევ ერთხელ: თუ არ დახურავთ ჩვენს ცას, ამის შემდეგ რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდება, NATO-ს ტერიტორიაზე. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.
უკრაინის ხელისუფლება ომის დაწყების შემდეგ აქტიურად მოითხოვს დასავლეთისგან, რომ უკრაინის ცა დაიხუროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაციასა და ფრთოსან თუ ბალისტიკურ რაკეტებს აღარ მიეცეთ უფლება, ჩაერთონ ომში. ხოლო თუკი რუსეთი ამას არ დაემორჩილება, მაშინ ქვეყნებმა, რომლებიც ცას დახურავენ, მას ამისი საშუალება უკვე ძალის გამოყენებით აღარ უნდა მისცენ.