მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პარტია სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამარართლოს მიმართავენ.

„ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს, “- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში საუბარია ასევე, რამდენიმე შემთხვევაზე, რომელსაც მმართველი პარტია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პრეზიდენტის მხრიდან. მათ შორის სუაბარია ელჩების საკითხზე.

„სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება.

ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება – პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი.

გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება, “- ნათქვამია განცხადებაში.