„ოცნების" წამოწყებული საკონსტიტუციო დავა | რას ნიშნავს და რა ხდება შემდეგ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის მიმართ კომპეტენციების შესახებ დავის ფარგლებში საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ საზოგადოებამ დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან შეიტყო.

პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში საუბარია რამდენიმე შემთხვევაზე, რომელსაც მმართველი პარტია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. მათ შორის საუბარია ელჩების საკითხზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს მათ შორის საქართველოს მთავრობას, თუ ის მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები.

„პუბლიკასთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რას ნიშნავს აღნიშნული დავა, რა შეიძლება იყოს ამის შედეგი, და აქვს თუ არა სამართლებრივი საფუძველი „ოცნების“ პოზიციას.

ის თავიდანვე მიჯნავს, რომ კომპეტენციის თაობაზე დავა და იმპიჩმენტის დაწყება ორი სხვადასხვა პროცედურაა.

იმპიჩმენტის პროცედურა კონსტიტუციით ზუსტადაა გაწერილი. ამ შემთხვევაში პროცედურის დაწყება შეუძლია მხოლოდ პარლამენტის წევრებს. 1/3-მა ანუ მინიმუმ 50-მა წევრმა უნდა შეადგინოს თავისი ბრალდება, თუ რატომ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და შემდგომ ეს უნდა გადაეგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა თქვას – პრეზიდენტმა ამა თუ იმ მოქმედებით დაარღვია თუ არა კონსტიტუცია. თუ ეს დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლომ, მაშინ საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს პლენარულ სხდომაზე, და განხილვა დასრულდეს კენჭისყრით. ესაა იმპიჩმენტის პროცედურა, – განმარტავს ხმალაძე.

მისივე თქმით, კომპეტენციის თაობაზე დავა კი ცალკე სხვა პროცესია. მიმართვის შემდეგ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, მთავრობის თანხმობის გარეშე შეხვედროდა სხვა სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებს – ეს რას ნიშნავს? რა გამოვა? – ეს იქნება მხოლოდ ის, რომ სამომავლოდ პრეზიდენტები მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ შეხვდებიან სხვა სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირებს – გამოვა მხოლოდ ეს.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, შეეძლება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდგომში პარლამენტმა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა?, ხმალაძე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საფუძველი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, თუმცა, მისი თქმით, აქ ერთი კითხვისნიშანი არსებობს, ანუ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. მისივე თქმით, ვინაიდან საკითხი თავდაპირველად სადავოდ დაისვა, [ანუ მთავრობის გადაწყვეტილება, კომპეტენციათა თაობაზე დაიწყოს დავა], არ იქნება სწორი, თუ ეს შემდგომ იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად იქნება გამოყენებული.

„რადგან ეს საკითხი სადაო გახდა – ანუ ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს ამის უფლება, არ იქნება სწორი [იმპიჩმენტის საფუძვლად ამის გამოყენება]. [კომპეტენციათა შესახებ დავა რას ნიშნავს, რომ] ჯერჯერობით ჩვენ ვდავობთ, თქვენია ეს უფლება, თუ ჩემია. არც თქვენ დაგირღვევიათ და არც მე დამირღვევია, რადგან სადავოა ეს საკითხი. აი, როცა დავა გადაწყდება, თუ მერე რომელიმე ჩვენგანი მოიქცევა ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მაშინ იქნება მისი ქმედება კონსტიტუციის დარღვევა.

…თუ სადაო არ იქნებოდა ეს საკითხი, მაშინ შეუძლიათ თქვან, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. სხვა საქმეა – ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს თუ არა. სასამართლომ შეიძლება დაადასტუროს, შეიძლება არა. მაგრამ მათ თქვეს, რომ ჩვენ მივმართავთ კომპეტენციათა თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსო, ე.ი. მათ სადავოდ მიიჩნიეს პრეზიდენტის ასეთი უფლება და თუ სადავოა, როგორღა ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია“, – ამბობს ხმალაძე.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ხმალაძეს მიაჩნია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მათ განცხადებებს სერიოზული პრობლემები აქვს. ის აფასებს როგორც პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ეხმაურება ელჩების დანიშვნის საკითხს და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ განცხადებას არსებითად არასწორს უწოდებს.

დაარღვია თუ არა კონსტიტუცია ზურაბიშვილმა, როცა თანხმობის გარეშე გამართა შეხვედრა საზღვარგარეთ:

„კონსტიტუცია მთავრობასთან თანხმობას პრეზიდენტს ავალდებულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ანუ როდესაც პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით.

ამასთან, კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტს საქართველოდან უცხო ქვეყანაში წასასვლელად სჭირდება პარლამენტის ან მთავრობის თანხმობა. ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციაში ასეთი რამ წერია, ჩვენთან – არა. ე.ი. პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, არავის შეუთანხმოს თავისი წასვლა საქართველოდან, კონსტიტუციაში ასევე არსად წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება გამოთქვას აზრი რაიმე საკითხზე მთავრობის თანხმობის გარეშე. ე.ი. პრეზიდენტს აქვს არა მარტო იმის უფლება, რომ ჰქონდეს საკუთარი აზრი, არამედ, გამოთქვას კიდეც ის. ასეთი აკრძალვა არ არის.

შესაბამისად, რანაირად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პრეზიდენტის ეს კონკრეტული მოქმედება – სხვა სახელმწიფოების უმაღლეს თანამდებობის პირებთან შეხვედრა, კონსტიტუციის დარღვევად, როდესაც პრეზიდენტს იქ არსად არ უსაუბრია საქართველოს სახელმწიფოს სახელით. მან თქვა, რომ მას ჰქონდა პირადი ვიზიტები, და პირადი შეხვედრები, და ამ შემხვედრებზე, ბუნებრივია, ის გამოთქვამდა თავის პირად აზრს. და პირადი აზრის გამოთქმას, არავისთან შეთანხმება არ სჭირდება“, – ამბობს ხმალაძე.

აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, უარი განაცხადოს მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე

„ქართული ოცნების“ განცხადება არსებითად არასწორია, სადაც ისინი წერენ, რომ პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება არის ცერემონიული ხასიათისო. პრეზიდენტი არ არის ნოტარიუსი, და როდესაც წერია, რომ პრეზიდენტი ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნას ახორციელებს მთავრობის წარდგინებით, ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციამ ამ საქმისთვის დააწესა კონტროლის ორმაგი მექანიზმი – მარტო პრეზიდენტი ვერ დანიშვნას, მარტო მთავრობა ვერ დანიშნავს, ორივე უნდა იყოს თანახმა, რომ დანიშვნა განხორციელდეს და ეს კეთდება იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად პირი უნდა შეირჩეს ძალიან ფრთხილად და ყველაფერი აიწონ-დაიწონოს, ამიტომ წერია, რომ ერთი ახორციელებს წარდგინებას და მეორე ნიშნავს.

კიდევ უფრო მაღალი კონტროლის მაგალითია საგანგებო სიტუაციის გამოცხადება. მთავრობის წინადადებით, პრეზიდენტი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და ამას ამტკიცებს პარლამენტი. აქ უკვე სამმაგი კონტროლია. თუ ერთ-ერთი რგოლი ამოვარდა, ეს მდგომარეობა ვერ გამოცხადდება. რა გამოდის, ვთქვათ, რომ ცერემონიულია რომელიმე სუბიექტი ამ სამიდან? ეს არის არსებითად არასწორი“, – ამბობს ხმალაძე.