მაკრონი აპირებს, თავშესაფარი შესთავაზოს ჟურნალისტ ოვსიანიკოვას - ფრანგული მედია

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს, თავშესაფარი შესთავაზოს რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობის დროს პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით ხელში გამოჩნდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

„გავიღებ დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა შევთავაზოთ ჟურნალისტის დაცვა საელჩოში ან საფრანგეთში თავშესაფარი. მექნება ამ შეთავაზების გაკეთების საშუალება ჩემი შემდეგი საუბრისას პრეზიდენტ პუტინთან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცოტა ხნის წიმ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  მოსკოვში, „ოსტანკინოს“ სასამართლოში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას პროცესი მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტს ბრალი ადმინისტრაციული წესით წაუყენეს.

მარინა ოვსიანიკოვას ბრალი ედება „არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება და გულისხმობს 30 000 რუბლამდე ოდენობის ფინანსურ ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 10 დღემდე პატიმრობას. მათივე ცნობით, ოვსიანიკოვას არ წაუყენებენ ბრალს ახალი კანონის მიხედვით – „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ“.

გუშინ, რუსულ ტელეარხ „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ერთ-ერთი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ტელეწამყვანის ფონზე პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა, რომელზეც წარწერა იყო: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ ენდოთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ“.