Financial Time-ი წერს, რომ უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულების მიზნით ნეიტრალიტეტის 15-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს.
გამოცემის თანახმად, უკრაინამ და რუსეთმა „მნიშვნელოვანი პროგრესს“ მიაღწიეს და გეგმაში, სავარაუდოდ, საუბარია, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე და რუსული ჯარების გაყვანაზე, თუ უკრაინა გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და დათანხმდება შეზღუდოს თავისი შეიარაღება.
გამოცემის ცნობით, შემოთავაზებული შეთანხმების მიხედვით, კიევი უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე და სანაცვლოდ, ის იღებს პირობას, რომ მას დაიცავენ მოკავშირეები. ეს მოკავშირეები შეიძლება იყოს აშშ, დიდი ბრიტანეთი. თურქეთი და სხვები.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა და კიევმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მიაღწიეს პროგრესს შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით, უკრაინის ოფიციალური პირები კვლავ ფრთხილობენ, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა დაარღვიოს შეთანხმების პირობები და დრო ჯარების გადაჯგუფებისთვის გამოიყენოს.
დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის განსაკუთრებულ ვარიანტს, რომელშიც იქნება უსაფრთხოების გარანტიები – არა პროტოკოლური, ან ბუდაპეშტის მემორანდუმი მსგავსი. არამედ იურიდიულად გამართული.
ახალი ალიანსის შექმნაზე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოსვლისას და პარტნიორებს ახალი ალიანსის U24-ის შექმნის ინიციატივა გააცნო.
ზელენსკის თქმით, ამ გაერთიანებაში შემავალი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნები ომში მყოფ უკრაინას 24 საათის განმავლობაში საჭიროებების შესაბამისად მყისიერად მიაწვდიან ყველა ტიპის დახმარებას და ერთად იმოქმედებენ მშვიდობის დამყარებისთვის.
„ჩვენ გთავაზობთ ასოციაციის შექმნას … პასუხისმგებელი ქვეყნების გაერთიანების, რომელსაც ექნება იმის ძალა და შეგნება, რომ კონფლიქტები დაუყოვნებლივ შეაჩეროს და 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იარაღიც კი, სანქციები, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსები, ყველაფერი, რაც სიმშვიდის შესანარჩუნებლად და სამყაროს სწრაფად გადასარჩენადაა საჭირო, სიცოცხლის გადასარჩენად“, – თქვა მან.