ზელენსკის ინიციატივაა, შეიქმნას ახალი სამხედრო კავშირი - U24

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სამხედრო კავშირის, U24-ის შექმნის ინიციატივა აქვს და ამ წინადადებით საერთაშორისო ლიდერებს მიმართა.

„მივმართე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფოს, ახალი გაერთიანების – U24-ის შექმნის საკითხზე, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ის პირველ 24 საათში დაიწყებს შეტევას.

უკვე აღარ შეგვიძლია ვენდოთ მოქმედ ინსტიტუტებს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის იმედად ვიყოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები ასე სწრაფად შეიცვლებიან. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გარანტიები, შევქმნათ ახალი ინსტიტუტები, შევქმნათ ახალი მექანიზმები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვიდეომიმართვის თარგმანი „რადიო თავისუფლებას“ ეკუთვნის.

მან ამ მიმართვაში კიდევ ერთხელ ისაუბრა, რომ უკრაინა ახლა არ აცხადებს პრეტენზიას NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გააქტიურებაზე და მხოლოდ ცის დახურვას ითხოვს, რათა რუსეთმა საჰაერო დარტყმები ვერ შეძლოს უკრაინაზე.