მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ევროპის აკადემიაში წევრობა შეუჩერეს

პუბლიკა

ევროპის აკადემიამ, რომელიც 4500-ზე მეტ მკვლევარსა და მეცნიერს აერთიანებს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და რუსეთის რექტორთა გაერთიანების პრეზიდენტს, ვიქტორ სადოვნიჩს წევრობა შეუჩერა. ასევე დაგმეს მისი ხელმძღვანელობით რუსეთის ხელისუფლებისადმი გამოხატული მხარდაჭერის წერილი.

მანამდე კი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციამ, რომელიც ევროპის მასშტაბით უნივერსიტეტების უმსხვილესი გაერთიანებაა, 12 რუსულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუჩერა წევრობა და განაცხადა, რომ ისინი „დრამატულად ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს“.

ასევე რუსულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას წყვეტენ ცალკეული უნივერსიტეტებიც. ევროპულ საგანმანთლებლო წრეებში კრიტიკა მოჰყვა რუსეთის რექტორთა გაერთიანების წერილს, რომელიც 4 მარტს გამოქვეყნდა.

რუსული აკადემიური წრეების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ორგანიზაციამ – რუსეთის რექტორთა გაერთიანებამ უკრაინასთან ომში რუსეთის ხელისუფლებას წერილობითი მხარდაჭერა გამოუცხადა.

გაერთიანება რუსული უნივერსიტეტების 700-ზე მეტ რექტორსა და პრეზიდენტს მოიცავს. ხოლო წერილს 180-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის ისეთი ცნობილი უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა – მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

საჯარო წერილის ავტორები იმეორებდნენ კრემლის გაცხადებულ პოზიციას და წერენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება იყო, დაესრულებინა კონფლიქტი უკრაინასა და დონბასს შორის, ეპასუხა რუსეთის მიმართ მზარდი სამხედრო საფრთხისათვის და მოეხდინა უკრაინის „დენაციფიკაცია“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეების განმავლობაში მხარი დავუჭიროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს არმიას, რომელიც იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას. მხარი დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს, რომელმაც, სავარაუდოდ, მიიღო ცხოვრებაში ყველაზე რთული, მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს ჩვენი მთავარი მოვალეობა – უწყვეტი სასწავლო პროცესის წარმართვა, პატრიოტიზმის განმტკიცება ახალგაზრდებში, სამშობლოსათვის დახმარების წყურვილი.

უნივერსიტეტები ყოველთვის სახელმწიფოს ხერხემალს წარმოადგენდნენ. ჩვენი მიზანია, რომ ვემსახუროთ რუსეთს და განვავითაროთ მისი ინტელექტუალური პოტენციალი.

ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ თავდაჯერებულობა და სიმტკიცე ეკონომიკური და საინფორმაციო თავდასხმების მიმართ, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი პრეზიდენტის გარშემო. მაგალითი უნდა მივცეთ და განვამტკიცოთ ოპტიმისტური სულისკვეთება და რწმენა ახალგაზრდებში“, – ნათქვამია რუსეთის რექტორთა გაერთიანების წერილში.

წერილს უპასუხეს უკრაინულმა უნივერსიტეტებმაც. ლვოვის უნივერსიტეტი გმობს რექტორთა გაერთიანების პოზიციას და მოუწოდებს მის პარტნიორებს მის საპასუხოდ მოქმედებისკენ.