რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესული ნებისმიერი ტვირთი, რომელსაც რუსეთი იარაღის გადაზიდვად მიიჩნევს, „კანონიერი სამიზნე“ გახდება,
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ მივახვედრეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე და რომელზეც ჩავთვლით, რომ გადააქვთ იარაღი, ჩვენთვის კანონიერი სამიზნე გახდება. ეს სრულიად გასაგებია, ვინაიდან ჩვენ ვატარებთ ოპერაციას, რომლის მიზანია, აღმოფხვრას ნებისმიერი მუქარა რუსეთთან მიმართებაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან მოდის“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, მათ შორის, რუსეთი არ დაუშვებს, უკრაინისთვის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას. თანაც, ლავროვის თქმით, რუსული და საბჭოთა იარაღის გადაცემა რუსეთის თანხმობის გარეშე სამართლებრივად დაუშვებელია.
უკრაინამ S-300 სისტემები შეიძლება სლოვაკეთისგან მიიღოს. სლოვაკეთის ხელისუფლება მზაობას გამოთქვამს, რომ დაუთმოს უკრაინას თავის არსენალში მყოფი საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუკი სანაცვლოდ დასავლეთისგან მიიღებს სათანადო შეიარაღებას. აშშ-ის მონაწილეობით უკრაინისთვის S-300 სისტემბის გადაცემაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის დამატებით 800-მილიონიანი დახმარების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.
ახალი დახმარება თავდაცვის სფეროში ითვალისწინებს სტრინგერის 600 რაკეტას, 9 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსს, 2000 ჯაველინს, უპილოტო საფრენი აპარატების თვალთვალის რადარებს.
„უკრაინის მამაც კაცებსა და ქალებს ასევე გავუგზავნით ყუმბარმტყორცნებს, 7 ათას სასროლ იარაღს, 40 მილიონ ტყვიას, 200 ერთეულ ტყვიამფრქვევს, ვერტმფრენებს, საპატრულო ნავებს, სატელიტურ გამოსახულებასთან, ჯავშანჟილეტებთან, ჩაფხუტებთან და სხვა ტაქტიკურ აღჭურვილობასთან ერთად“, – განაცხადა ბაიდენმა.