რუსეთმა იაპონიასთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება შეაჩერა

პუბლიკა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის გადაწყვეტილება სამშვიდობო ხელშეკრულებიდან გასვლაზე გააკრიტიკა. რუსეთმა ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციების გამო, იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის დატოვებაზე ორშაბათს განაცხადა. ხელშეკრულება მხარეებს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაფორმდა.

„ეს ვითარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამოა და რუსეთის პასუხი, სამშვიდობო ხელშეკრულებიდან გასვლაზე, უკიდურესად გაუმართლებელი და აბსოლუტურად მიუღებელია. იაპონია გააპროტესტებს ამ ნაბიჯს”, – თქვა კიშიდამ პარლამენტის სესიაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იაპონია გააგრძელებს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლების დაცვისთვის ბრძოლას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი აღარ აპირებს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას “არამეგობრული პოზიციის” მქონე სახელმწიფოებთან.

სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი სადავო კუნძულებზე ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეთანხმებასაც დატოვებს. საუბარია კურილიის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია თავისი ქვეყნის „ჩრდილოეთ ტერიტორიებს“ უწოდებს. მოსკოვი, სადავო კუნძულებზე იაპონიის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გეგმავს.