გაუგებარია, საპატრიარქოს რა რელიგიური შინაარსის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ტყეების ფლობაზე - TDI

პუბლიკა

TDI ეხმაურება „საქართველოს ტყის კოდექსში”,  „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში შესატან ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოსთვის ეკლესია–მონასტრების გარშემო ტყეების საკუთრების უფლებით გადაცემას ითვალისწინებს.

TDI–ის პოზიციით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და აღრმავებს საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ უთანასწორობას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2018 წელს TDI-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ რელიგიური გაერთიანებების სახელით წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „[მართლმადიდებელი] ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში”. სასამართლომ სწორედ სახელმწიფო ქონების კანონის ის ნორმა მიიჩნია დისკრიმინაციულად და სცნო არაკონსტიტუციურად, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უშვებდა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას.

„გაუგებარია, საპატრიარქოს რა რელიგიური შინაარსის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ტყეების საკუთრების უფლებით ფლობასთან დაკავშირებით. საპატრიარქო სახელმწიფოსგან ყოველწლიურად იღებს დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას _ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს, ხოლო ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან ყოველწლიური დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონ ლარს აღწევს. საპატრიარქო ასევე გათავისუფლებულია გადასახადებისგან, მაგალითად, ის  არ იხდის მიწის გადასახადს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი იზრდება წინაასარჩევნო პერიოდებში, რაც ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.

გასათვალისწინებელია, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი რომელიც პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არ აძლევს სახელმწიფო ქონების შეძენის შესაძლებლობას.

დღეისათვის რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების დიდი ნაწილი საკუთარ რელიგიურ ქონებას არ ფლობს საკუთრების უფლებით. ისინი ვერც საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნებას ახერხებენ. ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ისტორიული ქონების საკუთრების უფლებით დაბრუნება, მათ, სწორედ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში არსებული დისკრიმინაციული ნორმების საფუძველზე ეზღუდება. მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

რელიგიური გაერთიანებების უთანასწორობას ხელს უწყობს სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა ახალი საკულტო ნაგებობების მშენებლობის კუთხითაც. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქმნიან უმრავ ხელოვნურ დაბრკოლებას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას უზღუდავს. მაგალითად, მუსლიმებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, ბათუმში ააშენონ მეჩეთი საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწაზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.