დარსალია: ვიცით, რომ გადაცემის ხელმძღვანელი ეკა შონიაა, დანარჩენი არხმა უნდა გამოიკვლიოს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილმა წამყვანმა და ორმა ჟურნალისტმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში მაუწყებელში შესაძლო ცენზურის ფაქტებზე ბრიფინგი გამართეს.

იმედა დარსალიამ ის პირები დაასახელა, რომელთა ჩაწერაც ჟურნალისტებს ეკრძალებოდათ. ბრიფინგზე იმედა დარსალიამ და ჟურნალისტებმა, სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემ კონკრეტული შემთხვევები გაიხსენეს, როცა მენეჯმენტმა მათ მიერ მომზადებული კრიტიკული სიუჟეტები დაბლოკეს და ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ სარედაქციო პოლიტიკაში.

მათი თქმით, მთელი ორი წლის განმავლობაში შიგნით ცდილობდნენ, მოეგვარებინათ ცენზურის მცდელობები და მუდმივად უწევდათ ომი.

ბრიფინგზე იმედა დარსალიას ჰკითხეს, კონკრეტულად ვინ ცდილობდა სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას. მას კონკრეტული პირი არ დაუსახელებია, თუმცა კიდევ ერთხელ დაასახელა გადაცემის პროდიუსერის, ეკა შონიას სახელი და გვარი.

„არხის გენერალურმა დირექტორმა დაიწყო მოკვლევა, ან უნდა დაიწყოს. არხმა უნდა გამოიკვლიოს. ჩვენ ვიცით, რომ გადაცემის ხელმძღვანელი ეკა შონიაა და მისი ზემდგომია რამდენიმე ადამიანი. როდესაც არხი გამოიკვლევს და იმედია, სამართლიანად გამოიკვლევენ. ის ადამიანები პასუხს აგებენ სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე. მნიშვნელოვანია, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები.“ – განაცხადა დარსალიამ.

იმედა დარსალიამ არხის დირექტორ თინათინ ბერძენიშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბერძენიშვილმა ერთხელ მოაგვარა გადაცემაში ცენზურის შემთხვევები, თუმცა პრობლემა მხოლოდ მცირე ხნით გადაიჭრა.

„მე ორჯერ შევხვდი არხის დირექტორს. ერთხელ, როცა პრობლემების შესახებ ვესაუბრე, მაშინ, როცა პოლიტიკა აკრძალული იყო. მაშინ არხის დირექტორმა სერიოზული როლი შეასრულა. პოლიტიკა დააბრუნებინა ხელმძღვანელობას ეთერში. პოლიტიკა დაბრუნდა, მაგრამ პრობლემები ცოტა ხნით მოგვარდა. ცენზურისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები გრძელდებოდა.“ – განაცხადა დარსალიამ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვირის ანალიტიკური გადაცემა „ახალი კვირის“ დახურვის შესახებ ინფორმაცია 17 თებერვალს გახდა ცნობილი. იმედია დარსალიამ მედიას უთხრა, რომ გადაცემა ფორმატის შეცვლის მოტივით მისი თავიდან მოსაშორებლად დახურეს.

თებერვალში დარსალიამ თქვა, რომ გადაცემის გუნდი ორი წლის განმავლობაში მუდმივად იგერიებდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტებს და კვირის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ეწინააღმდეგებოდნენ, ასევე არხზე არსებობდა შავი სიები და ჟურნალისტებს უკრძალავდნენ კონკრეტული რესპონდენტების ჩაწერას.

არხზე ცენზურის არსებობა დაადასტურა ამავე გადაცემის ორმა ჟურნალისტმა. გუნდის ნაწილმა კი ცენზურის არსებობა უარყო და განცხადებაც გამოაქვეყნა. ბრალდებების მაუწყებელიც გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, დარსალიას, სოფო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის საჯარო განცხადებების საფუძველზე მაუწყებლის შიდა მოკვლევა უნდა დაეწყო, თუმცა საჯაროდ მოკვლევის დაწყების და ან მისი შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.