დღეიდან მოპედსა და მსუბუქ კვადროციკლზე მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია „AM“, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს.

შსს-ს ცნობით, დღეიდან, 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.

„AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრა 16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება.

თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლის დროს დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან.

„AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე“, –  ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თუ პირი ფლობს ნებისმიერი
კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები. დღეიდან, 28 მარტიდან “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში დაინტერესებული პირის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

„ამასთან გაცნობებთ, რომ დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით, რეგისტრაციის წესების დარღვევა და მართვის უფლების გარეშე მოპედითა და მსუბუქი კვადროციკლით გადაადგილება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას“, – ამბობენ შსს-ში.