საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა გადაცემა ,,ახალი კვირის“ წამყვანისა და ჟურნალისტების განცხადების საფუძველზე.
ქარტიის წარმომადგენლები მაუწყებლის შენობის წინ შეიკრიბნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს მიმართეს. ქარტია ითხოვს, დაიწყოს მოკვლევა და გატარდეს შესაბამისი ზომები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკითხზე.
„ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა. ქარტია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, შეისწავლოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში შესაძლო ჩარევის საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს პროცესი იყოს საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ჩართვის შესაძლებლობა“, – ნათქვამია საბჭოს მიმართვაში.
დარსალიას თქმით, საზმაუში არსებულ „შავი სიებში” მოხვედრილთა გვარებს ასაჯაროებს
25 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილმა წამყვანმა და ორმა ჟურნალისტმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში მაუწყებელში შესაძლო ცენზურის ფაქტებზე ბრიფინგი გამართეს.
იმედა დარსალიამ ის პირები დაასახელა, რომელთა ჩაწერაც ჟურნალისტებს ეკრძალებოდათ. ბრიფინგზე იმედა დარსალიამ და ჟურნალისტებმა, სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემ კონკრეტული შემთხვევები გაიხსენეს, როცა მენეჯმენტმა მათ მიერ მომზადებული კრიტიკული სიუჟეტები დაბლოკეს და ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ სარედაქციო პოლიტიკაში.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვირის ანალიტიკური გადაცემა „ახალი კვირის“ დახურვის შესახებ ინფორმაცია 17 თებერვალს გახდა ცნობილი. იმედია დარსალიამ მედიას უთხრა, რომ გადაცემა ფორმატის შეცვლის მოტივით მისი თავიდან მოსაშორებლად დახურეს.
თებერვალში დარსალიამ თქვა, რომ გადაცემის გუნდი ორი წლის განმავლობაში მუდმივად იგერიებდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტებს და კვირის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ეწინააღმდეგებოდნენ, ასევე არხზე არსებობდა შავი სიები და ჟურნალისტებს უკრძალავდნენ კონკრეტული რესპონდენტების ჩაწერას. არხზე ცენზურის არსებობა დაადასტურა ამავე გადაცემის ორმა ჟურნალისტმა.
გუნდის ნაწილმა კი ცენზურის არსებობა უარყო და განცხადებაც გამოაქვეყნა. ბრალდებების მაუწყებელიც გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, დარსალიას, სოფო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის საჯარო განცხადებების საფუძველზე მაუწყებლის შიდა მოკვლევა უნდა დაეწყო, თუმცა საჯაროდ მოკვლევის დაწყების და ან მისი შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.