ვაქცინაცია - წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებში | კვლევა

პუბლიკა

COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის –  UNFPA-მa ახალი კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევა ჩატარდა საქართველოს ხუთ რეგიონში: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და თბილისი. კვლევის ფარგლებში შეფასდა ფაქტორები, რომლებიც 18-29 წლის ახალგაზრდებს უბიძგებს COVID-19-ის ვაქცინით აცრისა ან მასზე უარის თქმისკენ;

ამასთან, გამოვლინდა ის ასპექტებიც, რომლებიც გავლენას ახდენს მათი დამოკიდებულებებისა და წარმოდგენების ფორმირებაზე ვაქცინაციის მიმართ და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაზეც.

კვლევის მიხედვით, გამოვლენილ შემაფერხებელ ფაქტორებს შორისაა:

ვაქცინაციასთან დაკავშირებული მითები – შეთქმულების თეორიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესზე ახალგაზრდებში.

„აღსანიშნავია, რომ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ვაქცინებთან, არამედ უშუალოდ ვირუსთან დაკავშირებული მითებიც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, რომ ვაქცინაციამ შეიძლება გავლენა იქონიოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ეჭვებს აღძრავს რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და კაცებში, “- ნათქვამია კვლევაში.

უსაფრთხოების საკითხი – ვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მათ შორის, ვაქცინირებულ საკვლევ პოპულაციაშიც. გამოწვევად რჩება ნდობა ვაქცინების მომწოდებელთა, ასევე, სამედიცინო პერსონალის კომპეტენტურობის მიმართ.

არათანმიმდევრული მიდგომები და ცვალებადი პოლიტიკა – ეს, ერთი მხრივ, უკმაყოფილებას იწვევს ვაქცინირებულ ადამიანებში, რომლებმაც შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ვაქცინაციის განმეორებითობა, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო ამყარებს არავაქცინირებული საკვლევი პოპულაციის უნდობლობას სისტემის მიმართ.

ინფორმაციაზე წვდომა – რაც გამოწვევად რჩება სოფლად მცხოვრებთათვის და ეროვნული უმცირესობებისთვის. ინფორმაციის ნაკლებობა ამ სამიზნე პოპულაციაში მყარ საფუძველს ქმნის მითების გასავრცელებლად.

2022 წლის (იანვრის) მონაცემებით, 18–19 წლის ახალგაზრდების  35%  და 20-29 წლის ახალგაზრდების 38%-ია ორჯერადად აცრილი.

„საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, ქვეყანაში შენელდა ვაქცინაციის პროცესი, ხოლო ვაქცინის დოზები გამოუყენებელი რჩება, რაც შეშფოთებას იწვევს, რადგან ვერ ხერხდება იმუნიზაციის მიზნების მიღწევა.

მასობრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაქცინირებული მოსახლეობის წილის გაზრდა. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მიმდინარე ზოგადი საკომუნიკაციო ინტერვენციები, ასევე, გამკაცრებული ზომები, გარკვეულწილად გავლენას ახდენს ვაქცინაციის პროცესზე, თუმცა პროგრესი უმნიშვნელოა, მათ შორის, ახალგაზრდებშიც, “- ნათქვამია კვლევაში.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებში ვაქცინაციის ხელშემწყობი მიზანმიმართული და ინტეგრირებული საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავებისას, გასათვალისწინებელია როგორც მათი საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე ინდივიდის სპეციფიკური ქცევის ძირითადი მახასიათებლები.

გაეცანით სრულად კვლევას COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის.