პროკურატურამ წალენჯიხაში პარტია „საქართველოსთვის“ წევრსა და საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი და წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი, გელა აბულაძე 28 მარტს დააკავა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ.ა. დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა.

მერის წარმომადგენელმა შეთანხმებისამებრ  გასცა ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც გ.ა.-მ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა მისმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ერთი დღის ინტერვალით მიმართეს საჯარო რეესტრს და უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ქონება.

კერძოდ, წალენჯიხის საკრებულოს წევრის დედამ – 9.858 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკრებულოს წევრის დამ – 11.145 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ბიძაშვილებმა – ორი მიწის ნაკვეთი, თითოეული 12.500 -12.500 კვ.მ. იმავე პერიოდში, გ.ა.-სთან  დასაქმებულმა და მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა დაირეგისტრირეს  54.080 კვ.მ.ფართობის-5 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ნაწილი საკრებულოს წევრმა მალევე, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის  შპს „ლეგის“ სახელზე გადაიფორმა და სწორედ ამ კომპანიის სარგებლობაში მოექცა სახელმწიფოსგან თაღლითურად მიტაცებული მიწები.
ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, თაღლითური გზით დაუფლებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ჯამში 406 250 ლარის ღირებულების, 100 083 კვადრატული მეტრის 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 8 პირს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს წევრის და მერის წარმომადგენლის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, ასევე, სხვა ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.