საქართველოს პროკურატურის ცნობით, ქობულეთში პრორუსული პლატფორმა „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
„22 მარტს, ქობულეთში, „კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ-მ, გ.გ-მ, ზ.გ-მ, ზ.ფ-მ და ი.ი-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ჯ-ს, გ. რ-ს და თ.ქ-ს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
როგორც facebook-ზე აქციის ერთი-ერთი მონაწილე წერს, პროკურატურამ რამდენიმე ადამიანი დაზარალებულადაც ცნო.
უკრაინის დროშებითა და შეძახილებით – „არა რუსეთს“ ქობულეთში აქცია-მსვლელობა გუშინ, 22 მარტს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთანაც გაიარეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
როგორც facebook-ზე აქციის მონაწილე თორნიკე მამალაძე წერს, „ქობულეთში პროპუტინისტური პარტიის გახსნის გაპროტესტების და უკრაინის სოლიდარობის აქციის დროს „ალტ-ინფომ” კუნთმაგარი ბიჭები მოგვისია და ხელკეტებით გამეტებით გვცემეს, მათ შორის – სკოლის მოსწავლეები“.