პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტს, მიიწვია ქალაქ ბუჩაში, რათა ნახონ, თუ რა მოჰყვა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას.
„მე ვიწვევ ქალბატონ მერკელს და ბატონ სარკოზის, ეწვიონ ბუჩას და ნახონ, სად მიგვიყვანა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ ბოლო 14 წლის განმავლობაში. ნახეთ თქვენი თვალით ნაწამები და მოკლული უკრაინელები…
იმ „ნაცრისფერი ზონიდან“, სადაც მოსკოვი მიიჩნევს, რომ შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, ჩაიდინოს ყველაზე საშინელი ომის დანაშაულიც კი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან თქვა, რომ დღეს 14 წელი გავიდა ბუქარესტის NATO-ს სამიტიდან, როდესაც იყო შანსი, რომ უკრაინა გამოსულიყო NATO-რუსეთის „ნაცრისფერი ზონიდან“.
მისი თქმით, 2008 წელს NATO-ს მხრიდან უკრაინისთვის MAP-ზე უარის უკან იმალებოდა „ზოგიერთი პოლიტიკოსის უაზრო შიში რუსეთის მიმართ“.
„ამ არასწორი გათვლებიდან 14 წლის განმავლობაში უკრაინამ გაიარა რევოლუცია და ომი 8 წლის განმავლობაში დონბასში. ახლა კი ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლის გადარჩენისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ ომში“, – თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.
2008 წლის ბუქარესტის სამიტი 2-4 აპრილს შედგა. სამიტის დღის წესრიგი მოიცავდა კოსოვოს აღიარებას, ალიანსის გაფართოება მაკედონიის, ხორვატიის და ალბანეთის ალიანსში შესვლით და დღის წესრიგში იდგა უკრაინასა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხიც. უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას გერმანიამ და საფრანგეთმა არ დაუჭირა მხარი.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე 410 მოკლული სამოქალაქო პირი იპოვეს.
დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ამსახველი ფოტოები ვრცელდება.
ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.