დღეს, 6 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი გაიმართება. აქცია ქალაქ ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ნაწამები და მოკლული მოსახლეობის ხსოვნას მიეძღვნება.
მოქალაქეების მიერ შექმნილ Facebook-ღონისძიების აღწერაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები აპირებენ, ასახონ ბუჩაში მომხდარი ტრაგედია და დაწვნენ პარლამენტის შენობის წინ.
„სიტყვები ზედმეტია იმის გამოსახატავად, თუ როგორ იმოქმედა ამ საზარელმა კადრებმა ჩვენზე. ამ აქციის მიზანია მსოფლიოსთვის მესიჯის გაგზავნა – ვინ იქნება შემდეგი? რომელი ქალაქი თუ ქვეყანა? რამდენი მსხვერპლია კიდევ საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიომ ერთხელ და სამუდამოდ შეაჩეროს ეს ბოროტების სავანე სახელწოდებით რუსეთი?“, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.