უნდა გამარტივდეს მოქალაქეობის მიღება მათთვის, ვისაც სურს, ისტორიულ ფესვებს დაუბრუნდეს - ინჯია ახალ კანონპროექტზე

პუბლიკა

„ევროპელი სოციალისტები“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდიან, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური გუნდის თანმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მედიისთვის ამ ეტაპზე უშუალოდ კანონპროექტის დოკუმენტი ხელმისაწვდომი არ არის.

ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებს –  ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძეს, დავით ზილფიმიანს და ზაზა მიქაძეს – ეკუთვნით.

როგორც ინჯიამ განაცხადა, ცვლილებების ინიცირება განპირობებულია „მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორით“.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 728 573 კაცს. მოსახლეობის რიცხოვნობის ამსახველი ეს ციფრები, მკაფიოდ გადმოგვცემს ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ და მიგრაციულ მწვავე პრობლემებს.

განსაკუთრებით ნიშანდობლივია 1990-იანი წლების მასობრივი ემიგრაცია, რაც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და სამხედრო კონფლიქტებს მოჰყვა. ემიგრაციაში მიდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. საუბედუროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება და საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს.

XX საუკუნის მიწურულს შექმნილმა სამხედრო-პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, მიგრაციის კიდევ ერთი კერა წარმოშვა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების შედეგად  ამ რეგიონების მოსახლეობა თითქმის სამი ათწლეულია, დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილია და მათი რაოდენობა ასეულ ათასობითაა.

ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელთან ერთად შესამჩნევია ემიგრანტების დაბრუნების კლებადი ტენდენციაც. ემიგრანტები, რიგი მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. პირველ რიგში, ამ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს არასრულყოფილი კანონმდებლობა და ხელოვნურად შექმნილი ბარიერებიც კი. საქართველოს მოწყვეტილნი არიან არა მხოლოდ ემიგრაციაში წასული პირები, არამედ მათი შვილებიც, რომლებიც დღითი დღე შორდებიან მშობლიურ ფესვებს.

სახელმწიფო ვალდებულია, დააბრუნოს და დაიცვას თითოეული ადამიანი, რომელიც გაექცა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, კონფლიქტურ ვითარებას, ან იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა  მისცეს მათ  საქართველოში დაბრუნების საშუალება და მოტივაცია. სახელმწიფო ვალდებულია, ემიგრაციიდან დაბრუნებულ ოჯახს ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინოს, რაც შემდეგი განხილვის საგანს წარმოადგენს.

„ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც გააადვილებს საქართველოდან ზემოთ ჩამოთვლილი რიგი მიზეზების გამო წასული ადამიანებისა  და მათი შვილების საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხს, ახლებური რეგლამენტაციით, არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, არის ისეთი დათქმები, რომლებიც თეორიულად თითქოს ამარტივებენ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს, პრაქტიკული თვალსაზრისით, აღნიშნული ჩანაწერები სრულად ვერ უზრუნველყოფს მის ეფექტიან რეალიზაციას, რაც, სამწუხაროდ, ემიგრაციაში წასულების  გულისწყრომას და იმედგაცრუებას იწვევს.

საჭიროა, ისეთი მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთ მუშტად შეკრავს საქართველოდან წასულ და გაფანტულ ადამიანებს. მათ გაუჩენს ინტერესს და მოტივაციას  ჩვენი ქვეყნის მიმართ, რათა საბოლოოდ დაბრუნდნენ სამშობლოში შვილებთან ერთად.  მათ უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამ მხრივ, ჩვენ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ.

აუცილებელია, კანონში არსებობდეს დათქმები, რომლებიც გაამარტივებს იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მიღებას, რომელთაც სურთ, დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს, რათა მათთვის არ არსებობდეს ისეთი შეზღუდვები და ბარიერები, როგორიცა არის  გართულებული ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და დემოგრაფიული საკითხის გაუმჯობესებას”, – განაცხადა ინჯიამ.