საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის მიერ შალვა პაპუაშვილისთვის გამოგზავნილ მოწვევას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული „შეურაცხმყოფელი განცხადებების“ ფონზე მსგავსი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია.
„არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ვისმენთ, სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს, სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზი, დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არის სამწუხაროდ არარელევანტური. ეს არის სამწუხარო. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იდგმება ჩვენ მიმართ არასწორი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტი ურთიერთობის განახლებისკენ გადადგმული ნაბიჯი ხომ არ იქნებოდა, კობახიძე პასუხობს, რომ საქართველომ უკრაინას ამის შანსი არაერთხელ მისცა.
„ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით აქეთკენ, არამარტო ომის დაწყების დღიდან, ომამდეც. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის მიმართ იყო ურყევი და მტკიცე, ამის მიუხედავად იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები არ იყო შესაბამისი. ეს არის ჩვენთვის სამწუხარო და სინანული მინდა გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით.
ჩვენთვის არის დასანანი ის გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლებიც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ამაში ვერ შევალთ და მიუხედავად ამ ყველაფრისა, უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება ურყევად“, – განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ერთ შეკითხვაზე, ბუჩაში ჩასვლა იქნებოდა თუ არა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულება, „ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მხარდაჭერას ხელსიუფლება ყველა შესაბამისი ფორმით გამოხატავს და მან ჩამოთვალა სხვადასხვა რეზოლუცია და სარჩელი, რომელსაც საქართველო შეუერთდა.
უკრაინის რადის სპიკერმა სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში 7 აპრილს განაცხადა, რომ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვები ევროკავშირის პარლამენტებსა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერებს, რომ მოინახულონ უკრანის გათავისუფლებული ქალაქები, განსაკუთრებით ბუჩა და ირპინი. Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე სტეფანჩუკმა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის სპიკერებთან ერთად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა მონიშნა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ამ დროისთვის მემორიალი გვირგვინით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, აშშ-ის და გერმანიის ელჩებმა და „ევროპული საქართველოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერებმა.
მთავრობის სხვა წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის აირით მოიწამლა.
ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.