5 ივლისის ძალადობის საპროტესტო პლაკატების გაკვრის გამო აქტივისტები დააჯარიმეს

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი „მშრალი ხიდის“ მიმდებარედ საპროტესტო პლაკატების გაკვრის გამო თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა. ანრი კერესელიძემ და თენგო ემინაშვილმა, სხვა აქტივისტებთან ერთად, 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობის გამო, გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ვასაძის, მიტროპოლიტ იაკობისა და პრემიერ ღარიბაშვილის დასჯის მოთხოვნით პლაკატები 24 აგვისტოს გააკრეს.

როგორც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საჯარიმო ქვითარშია აღნიშნული, აქტივისტები დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150² მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში“ და ისჯება 1000 ლარი ჯარიმით.

როგორც აქტივისტი ანრი კერესელიძე ამბობს, საჯარიმო ქვითარი იმ მისამართზე მიუვიდა, სადაც არ ცხოვრობდა და ქვითარი მას არ ჩაუბარებია. დღეს კი შეიტყო, რომ მისი ანგარიშები დაყადაღებულია ჯარიმის გადაუხდელობის გამო.

„ფოსტით ჩემს მისამართზე, სოფელში მისულა ჯარიმა, რაც არ ვიცოდი და სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ჩაბარება მოხდა ჯარიმის. ვაპირებ გავასაჩივრო…“, – აღნიშნავს აქტივისტი.

მეორე აქტივისტი თენგო ემინაშვილი კი ამბობს, რომ ყადაღის მიუხედავად, ის არ აპირებს გადაიხადოს ჯარიმა.