აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 85-გვერდიანი ანგარიში მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც საქართველოში გასულ წელს აქტუალური იყო.
მათ შორის, ანგარიში მოიცავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შეფასებას, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და შეკრების თავისუფლებისა თუ ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, მიხეილ სააკაშვილის, მაჩალიკაშვილისა და აფგან მუხთარლის საქმეებს. განხილულია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და სხვ.
მაჩალიკაშვილის საქმე და უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები
ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს არ ყოფილა ცნობები სამართალდამცველების მხრიდან თვითნებური ან უკანონო მკვლელობის შესახებ.
თუმცა გამოყოფილია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ანგარიშში წერია, რომ სახალხო დამცველის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ არ წარმოებულა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმე დახურა. გამოძიებამ კი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა დაიმსახურა.
ანგარიშის ამ ქვეთავში ასევე გამახვილებულია ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებზე. აღნიშნულია, რომ იყო ცნობები აფხაზეთში ჩადენილ შესაძლო უკანონო მკვლელობაზე. ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს და შემდეგ გარდაიცვალა, მისი ახლობლები კი მომხდარში დე ფაქტო პოლიციას ადანაშაულებდნენ.
ასევე საუბარია ცხინვალში მოკლული ინალ ჯაბიევის საქმეზე, რის გამოც ადგილობრივი სამართალდამცველები დააკავეს, თუმცა გასულ წელს 4 მათგანი გაათავისუფლეს და მხოლოდ ორი დარჩა პატიმრობაში. ამასთანავე, ჯაბიევის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ გამოძიება დაიწყო მისი ძმის წინააღმდეგაც.
აფგან მუხთარლის გატაცება
ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს არ ყოფილა ცნობები ადამიანების გაუჩინარებაზე, მაგრამ გამოყოფილია აფგან მუხთარლის საქმე, რომელმაც აზერბაიჯანის ციხე 2020 წელს დატოვა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფგან მუხთარლი გასულ წელს საქართველოში დაბრუნდა ჩვენების მისაცემად. ის საქართველოს ძალოვან უწყებებს აზერბაიჯანთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს მისი გატაცების საქმეში, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ზრდის შეშფოთებას მისი გატაცების საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა მონაწილეობაზე.
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეები
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის ანგარიში მიუთითებს სახელმწიფო მოხელეთა მიერ უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ნაკლებობაზე. ასევე იმაზე, რომ საპატიმროებში გრძელდება ცალკეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები პატიმრების მიმართ.
ანგარიშში, ამასთანავე, აღნიშნულია, რომ გასულ წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საჯარო მოხელეთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ 3 115 საჩივარი მიიღო. მათგან უწყებამ 2 125-ში დანაშაულების ნიშნები ვერ დაინახა, 55 საქმე კი სახალხო დამცველს გადაუგზავნა, რომელთაგან 17-ზე გამოძიებაც დაიწყო. 243 საქმე გენერალურ პროკურატურას გადასცა, 385 კი – სხვა უწყებებს.
ამავე ქვეთავშია განხილული მიხეილ სააკაშვილის საქმეც. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 1 ოქტომბერს სააკაშვილის დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ, 11 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა, რომ დაეწყოთ გამოძიება პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ. საუბარია სააკაშვილის რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ იძულებით გადაყვანაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი თან ურთავს სახალხო დამცველის ციტატას, რომელშიც ომბუდსმენი წერს, რომ იუსტიციის სამინისტრომ შელახა პატიმრის პატივი, ღირსება და პრივატულობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებით.
ინსპექტორის სამსახური კი აცხადებდა, რომ გამოძიების ფარგლებში მათ ვერ მიიღეს გადაყვანის ვიდეოჩანაწერი, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა საჯაროდ გაავრცელა.
ასევე ანგარიშში თანდართულია ომბუდსმენის შეფასება სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ, რომ მას არ ეძლეოდა სასამართლოზე დასწრების უფლება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე. ნათქვამია, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა კვირაზე ნაკლებში მოახერხა, განეხილა და მიეღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისად ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია მოხდა და ინსპექტორს, მანდატის დარჩენილი სამი წლის მიუხედავად, მარტისთვის შეუწყდა უფლებამოსილება.
აღნიშნულია, რომ ინსპექტორის სამსახური სწორედ სააკაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებდა პარლამენტის მიერ მისი რეორგანიზაციისას.
ადმინისტრაციული წესით დაკავება
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია პარლამენტის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე. რის გამოც მმართველმა გუნდმა სამოქალაქო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო სექტორისთვის დაკავების გახანგრძლივებისა და ჯარიმების გაზრდა შემაშფოთებელია, რადგან გაზრდილი ჯარიმები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის მოქალაქეთა პროტესტს დააზიანებს. სამართალდამცველები სწორედ ამ ორ მუხლს იყენებენ ყველაზე ხშირად საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაკავებლად.
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ისეთ საქმეებზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაში პოლიტიკურად მოტივირებულად იყო აღქმული.
მათ შორის, აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება სამოქალაქო სექტორსა თუ საერთაშორისო საზოგადოებაში მიჩნეული იყო არასაჭირო და პოლიტიკურად მოტივირებულ მოქმედებად.
ნიკა მელია და „მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორივე მათგანს და ასევე მიხეილ სააკაშვილსაც ოპოზიციაში პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.
ასევე, მოხსენიებულია „ლელოს“ ლიდერებისა და ნიკა გვარამიას საქმეებიც, რომლებშიც სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ მოტივს ხედავდნენ.
ანგარიშში განხილულია ე.წ. კარტოგრაფების საქმეც. საუბარია, რომ სახალხო დამცველის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ამიკუსის მიხედვით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად ან სხვა მიზეზებით იყო მოტივირებული.
ამ საქმემ დაიმსახურა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკაც და მისი წამოწყება მმართველი გუნდის მიერ ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივების მცდელობად იყო აღქმული.
სამართლიანი სასამართლოს პრობლემა
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კვლავ არის ნიშნები სასამართლო სისტემაში ჩარევებსა და სასამართლოს მიკერძოებულობაზე. მოსამართლეები კი პოლიტიკური წნეხის მიმართ მოწყვლადები არიან.
ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის ოფისი და კოალიცია მართლმსაჯულების გამჭვირვალობისთვის გამოთქვამდნენ შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის შესახებ. ხაზს უსვამდნენ სისტემაში არსებულ არაერთ პრობლემას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით.
ანგარიშში მოხსენიებულია სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფიც, რომელსაც სამოქალაქო სექტორი კლანს უწოდებს, თუმცა სასამართლოში 2013 წლიდან გატარებული რეფორმები, მათი შეფასებით, არაეფექტიანი იყო.
„სუსის ფაილები“
სახელმწიფო დეპარტამენტი მიმოიხილავს პირად საკუთრებასა და ცხოვრებაში შესაძლო უკანონო შეჭრის შემთხვევებსაც. ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის განცხადებით, ხელისუფლება არ იცავს კანონმდებლობას და განაგრძობს უკანონო მოსმენას.
ასევე, განხილულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან შესაძლო გაჟონილი ფაილები, რომლებიც ასახავდა სასულიერო პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მოსმენის შესახებ ანგარიშებს და რაზეც სამოქალაქო საზოგადოებამ და სახალხო დამცველის ოფისმა ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოითხოვეს.
თავდასხმა მედიაზე, შეკრების თავისუფლება და 5-6 ივლისის ძალადობა
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, მედიის, მაგრამ გასულ წელს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი სათანადოდ დაცვა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და საერთაშორისო საზოგადოება გამოხატავდა სერიოზულ შეშფოთებას მედიის პლურალიზმთან დაკავშირებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიკერძოებული იყო ხელისუფლების მიმართ, მმართველი გუნდის განცხადებები ჟურნალისტებთან დაკავშირებით კი კიდევ უფრო აზიანებდა მედიის პლურალიზმს.
ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ გაათავისუფლეს. ამასთანავე, აღნიშნულია ისიც, რომ მედიას უჭირს საჯარო ინფორმაციის მიღება პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ადეკვატურად არ იძიებს ჟურნალისტების მიმართ თავდასხმისა და მუქარის საქმეებს. მათ შორის, საუბარია თავდასხმებზე ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან; ნახსენებია თავდასხმა „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიაზე და მუქარა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ემა გოგოხიას მიმართ.
ასევე საუბარია ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე და რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გასული წლის სექტემბერში ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება „უკიდურესად სახიფათოდ“ შეაფასა.
ანგარიშში მოხსენიებულია, ულტრამემარჯვენე ჯგუფი, მედიაგამოცემა „ალტ-ინფო“, რომელთან დაკავშირებულმა პირებმაც პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნეს. გასული წლის ბოლოსთვის მათთან დაკავშირებულ 30 პირს ჰქონდა წინასწარი პატიმრობა შეფარდებული, ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო, მაგრამ არც ერთი დაკავებული არ ყოფილა ორგანიზატორი.
ანგარიშში საუბარია 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. აღნიშნულია, რომ, არსებული ცნობებით, პოლიციამ ვერ უზრუნველყო შეკრების თავისუფლება და 3 000-მდე შეკრებილმა ულტრამემარჯვენე დემონსტრანტმა მოაწყო დარბევა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში.
მათ დაარბიეს ოპოზიციის მიერ გაშლილი კარვები, თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსა და მედიას, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერმა პრაიდის ორგანიზატორები სააკაშვილსა და „რადიკალურ ოპოზიციას“ დაუკავშირა.
ანგარიშის მიხედვით, ცნობები და ვიდეოები წარმოაჩენს, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ადგილზე დაეკავებინა, ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, პოლიციას და ყველას, ვისაც პრაიდსა და დასავლურ ღირებულებებთან აკავშირებდნენ. ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები თავს დაესხნენ პარლამენტსაც და შეღწევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პარლამენტის მიმდებარედ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს.
ასევე, ნათქვამია, რომ პრაიდის ორგანიზატორებსა და აქტივისტებს, მათივე თქმით, თან დაჰყვებოდნენ და თავს ესხმოდნენ ყველგან, სადაც კი ცდილობდნენ თავის შეფარებას, რის გამოც, მათ აქვთ ეჭვი, რომ ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები ინფორმაციას ხელისუფლებისგან იღებდნენ.