სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე ძალადობრივი და პრორუსული პლატფორმა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის კარის შეღებვისთვის 50 ლარით დააჯარიმეს.
ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ხათუნა ბერიძემ პარტიის კარს სიმბოლურად წითელი საღებავი შეასხა.
ჯარიმის ქვითრის მიხედვით, ხათუნა ბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააჯარიმეს, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
ბერიძემ „კონსერვატიული მოძრაობის“ კიდევ ერთი ოფისის ფასადი შეღება გუშინ ხელვაჩაურში. მან პარტიის კარზე პულვერიზატორით უკრაინის დროშა დახატა და დატოვა წარწერები – Слава Україні!; Putin Khuilo!
დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთშიც, თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ ოზურგეთის ფილიალი მდებარეობს.
მოქალაქეები ოფისის წინ შეიკრიბნენ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს პრორუსული ძალა, ქვეყნის მოღალატეები უწოდეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.