ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი გაასაჯაროვა. საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას.
პირველი ნაწილი სხვადასხვა საკითხს ეხება, მათ შორის, ერთ-ერთი თავი ეთმობა სასამართლოსა და მართლმსაჯულების რეფორმას. ევროკავშირი კითხვარში ითხოვს, რომ ვრცელი ინფორმაცია მიიღოს სასამართლოს სტრუქტურისა და დამოუკიდებლობის შესახებ.
სასამართლოს სტრუქტურის შესახებ
სასამართლოს სტრუქტურაზე ზოგადი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ევროკავშირი ითხოვს „იურიდიულ რუკას“. ანუ როგორ ფარავს სასამართლო სისტემა ქვეყანას, არის თუ არა მოქალაქეებისთვის მარტივი სასამართლოზე ხელმისაწვდომობა, ხომ არ არის სასამართლოები გადატვირთული საქმეებით ან აქვთ თუ არა ყველგან შესაბამისი სპეციალიზაცია და როგორ ნაწილდება მათი იურისდიქცია.
ევროკავშირის კითხვარი ეხება პროკურატურასაც. რა არის პროკურორების როლი არსებულ სისტემაში და როგორია მისი იერარქია? ასევე ითხოვენ ინფორმაციას გასაჩივრების წესსა და ეტაპებზე. უფრო დეტალურ ინფორმაციას ელიან სასამართლოს მმართველ ორგანოზე – იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ ევროკავშირი მოელის, რომ მიაწოდონ ინფორმაცია მისი შემადგენლობის, ძალაუფლების განაწილების, სტრუქტურისა და ბიუჯეტის შესახებ.
ასევე იმაზე, თუ როგორაა გარანტირებული ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა და სტაბილურობა. როგორ ინიშნებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და რა ნიშნით, რამდენ ხანს გრძელდება წევრების მანდატი, რა პრივილეგიებით სარგებლობენ ისინი და რა სახის კვალიფიკაცია მოითხოვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის.
ასევე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებაზე, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტებზე, თუ როგორ მიიღება საბჭოში გადაწყვეტილებები და როგორ არის მისი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი.
ევროკავშირის ერთ-ერთი კითხვა ეთმობა სასამართლო რეფორმას და ითხოვენ, რომ საქართველომ მიაწოდოს სასამართლო რეფორმის ძირითადი სტრატეგია, თუკი არსებობს მსგავსი რამ და როგორია მისი განხორციელების გეგმა. ასევე ითხოვენ ინფორმაციას კონკრეტულ დაგეგმილ რეფორმებზე და იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ რეფორმების გატარებაზე.
სასამართლოს დამოუკიდებლობა
კითხვარში სასამართლოს თავის ვრცელი ნაწილი ეთმობა მის დამოუკიდებლობას. ევროკავშირი ითხოვს ინფორმაციას, თუ როგორ არის ასახული კანონმდებლობაში მოსამართლეთა დამოუკიდებლობა. ასევე, როგორ არის აღქმული საზოგადოებაში სასამართლოს დამოუკიდებლობა და ხომ არ ჩივიან სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ?
ევროკავშირი ითხოვს ინფორმაციას იმაზე, რამდენად სარგებლობენ მოსამართლეები დამოუკიდებლობით ცალკეული საქმეების განხილვისას და რამდენად უზრუნველყოფს სასამართლო სისტემა თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობას.
ასევე საუბარია თავად სასამართლოებს შორის მიმართებაზე – რამდენად დამოუკიდებლები არიან ქვედა ინსტანციის სასამართლოები და როგორ არის გარანტირებული, რომ ზედა პალატის სასამართლოები არ მოახდენენ მათზე ზეგავლენას.
მსგავსი კითხვებია პროკურატურის სისტემასთან დაკავშირებით – სარგებლობენ თუ არა პროკურორები დამოუკიდებლობით ცალკეულ საქმეებზე მუშაობისას, როგორ იცავს სისტემა მათ დამოუკიდებლობას? პროკურორების მუშაობის შესახებ ევროკავშირი ვრცელ ინფორმაციას ითხოვს.
ასევე დამოუკიდებლობის ნაწილში საუბარია იმაზეც, თუ როგორ შეუძლია სასამართლო სისტემას ჩარევისგან თავის დაცვა და რა ტიპის სანქციები ეკისრებათ მათ, ვინც სასამართლოზე გავლენის მოხდენას ცდილობს. მათ შორის კითხვარი მოიცავს კითხვებს იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოქმედებაზე, თუკი მოსამართლეები ან პროკურორები მიიჩნევენ, რომ ირღვევა მათი დამოუკიდებლობა.
სასამართლოს დამოუკიდებლობის თავში კითხვები ეთმობა მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნის წესებსა და კანონმდებლობასაც. ევროკავშირის კითხვები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კანდიდატებისთვის დადგენილი კრიტერიუმები, დანიშვნის პროცედურის გამჭვირვალობა და საჯაროობა. როგორაა გარანტირებული საუკეთესო კანდიდატების შერჩევა. ასევე საუბარია მონიტორინგის პროცედურებზეც.
ასევე განხილულია მოსამართლეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ერთი სასამართლოდან მეორეში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანა და ცალკეული საქმეების ჩამორთმევის საკითხი. არის კითხვები იმაზეც, თუ რა შესაძლებლობები აქვთ მოსამართლეებს დისციპლინური სასჯელის გაპროტესტებისა და თავის დასაცავად.
ევროკავშირის კითხვები დამოუკიდებლობის ნაწილში ეხება მოსამართლეებს შორის საქმეების განაწილებასაც და თუ როგორ იცავს სასამართლო სისტემა, რომ ამაზე ზეგავლენა არ მოახდინოს რომელიმე მხარემ.
ასევე კითხვარში შესულია მოსამართლეების ანაზღაურების საკითხი, როგორია მოსამართლეთა ანაზღაურება, აქვთ თუ არა მათ დამატებითი ბენეფიტები და როგორ შეესაბამება ის სხვა პროფესიებში არსებულ საშუალო შემოსავალს.
სასამართლოს მიუკერძოებლობა
ევროკავშირის კითხვარი შეეხება სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხსაც. კითხვარში მოთხოვმილია ინფორმაცია, თუ როგორ არის გარანტირებული კანონმდებლობითა და კონსტიტუციით სასამართლოსა და პროკურატურის მიუკერძოებლობა.
ევროკავრშირის კითხვები შეეხება კონკრეტულ ზომებს, რომლებიც ინტერესთა კონფლიქტის პრევენციას ახდენს ან მიემართება მოსამართლეებს, ვის მიმართაც გაჩნდება შეკითხვები მიკერძოებულობაზე.
ასევე მიუკერძოებლობის კონტექსტში, ცალკე არის დასმული კითხვები იმაზე, თუ რამდენად არიან დაცულები მოსამართლეები და პროკურორები ზეგავლენისა და რომელიმე მხარის მიკერძოებისგან. ევროკავშირი ითხოვს ინფორმაციას კონკრეტული პროცედურების შესახებ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ითხოვს, რომ თუ არსებობს საჯარო ან/და დამოუკიდებელი ორგანიზაციების მხრიდან სასამართლოში არსებულ კორუფციაზე მომზადებული ანგარიში, მას მიაწოდონ.
სასამართლოს სტრუქტურისა და დამოუკიდებლობის გარდა, ევროკავშირის კითხვები ასევე მოიცავს მოსამართლეთა კომპტენციის, ანგარიშვალდებულების, პროფესიონალიზმისა და დისციპლინის შესახებ კითხვებს. ასევე საუბარია სასამართლო სისტემის ეფექტიანობაზე.