პანდემიის პერიოდში გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკი, შემცირდა მათი გამოვლენის მექანიზმები – ომბუდსმენი

პუბლიკა

8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელშიც შეფასებულია ბავშვთა უფლებებზე კოვიდ 19-ის პანდემიის ზემოქმედება და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები სამი ძირითადი მიმართულებით: ბავშვების დაცვა ძალადობისგან, ზოგადი განათლების უფლება და ალტერნატიული ზრუნვა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, კვლევამ ცხადყო, რომ პანდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ზომებმა დაამძიმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. კერძოდ, გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ძალადობის მოწმედ ყოფნის რისკი და კიდევ უფრო შემცირდა მათი გამოვლენის მექანიზმები. გაზრდილი რისკის მიუხედავად, არ შეინიშნება სახელმწიფო უწყებებისადმი მიმართვიანობის არსებითი მატება. 

მწვავე პრობლემად გამოიკვეთა შშმ და სსსმ ბავშვების ეფექტიანი ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში, სწავლების ხარისხი, ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე წვდომის მაჩვენებელი და სხვ. 

პანდემიის სამართავად შემუშავებული რეგულაციების მიღებამ მნიშვნელოვნად შეზღუდა სახელმწიფო ზრუნვაში მცხოვრები არასრულწლოვნების პირისპირ კომუნიკაცია თავიანთ ოჯახებთან, მეგობრებსა და სოციალურ მუშაკებთან, ასევე მათი წვდომა სხვადასხვა ფსიქოსოციალურ სერვისზე.

სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის თანახმად, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან, თითქმის ყველა მიმართულებით, ბავშვის უფლებების დაცვა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, კერძოდ: კიდევ უფრო დამძიმდა იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს, არა აქვთ წვდომა სათანადო რესურსებზე, აქვთ ძალადობის გამოცდილება და საჭიროებენ სხვადასხვა სარეაბილიტაციო მომსახურებას.

აქვე ვკითხულობთ, რომ ამასთანავე, პანდემიის პერიოდში გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ძალადობის მოწმედ ყოფნის რისკი და კიდევ უფრო შემცირდა მათი გამოვლენის მექანიზმები.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკის ზრდა, ძირითადად, გამოიწვია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, იზოლაციაში ყოფნამ და კერძო სამართლის სუბიექტებისათვის სამეწარმეო/ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვამ, რამაც ადამიანები სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დატოვა. ბავშვებს შეეზღუდათ იმ პირებთან წვდომა, რომლებიც მათ ქცევით, ემოციურ თუ ფიზიკურ ნიშნებზე დაკვირვებასა და ძალადობის გამოვლენაზე იყვნენ პასუხისმგებლები.

ამასთანავე, ბავშვებს გაუჭირდათ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და იზოლაციის გამო, გართულდა მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, ხოლო მშობლების ნაწილს არ აღმოაჩნდა არასრულწლოვანთა ამ საჭიროებებთან დამოუკიდებლად გამკლავების უნარი.“

კვლევა მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და აზიის რეგიონული ოფისის (UNICEF ECARO), გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა და ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) მხარდაჭერით.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.