მკვეთრადაა შემცირებული რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა - IRI

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით,  მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები.

კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთთან დიალოგს მხარს 34% უჭერს, როდესაც 2021 წლის ივნისში რუსეთთან დიალოგს მხარს მოსახლეობის 56% უჭერდა. 2013 წლის მაისში კი ეს რიცხვი 83% იყო.

კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 1 წლის მანძილზე, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ მდგომრეობა მნიშვნელოვნად ან მეტ-ნაკლებად გაუარესდა. რესპოდენტთა მხოლოდ 6% თვლის, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კვლევის მიხედვით, ქვეყანაში გამძაფრებულია პოლიტიკური პოლარიზაციის შეგრძნება. კითხვაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია. მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.


კვლევის მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %.