სააგენტომ სამხატვრო აკადემიის კუთვნილი შენობის კედლის მტვრება დაიწყო - სალაძე

პუბლიკა

იურისტი სულხან სალაძე Facebook-ზე წერს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი სამხატვრო აკადემიისგან მოითხოვს, დატოვოს თაბუკაშვილზე მდებარე შენობის ნაწილი, რომელიც სამხატვრო აკადემიის კუთვნილებაა.

როგორც სალაძე წერს, თაბუკაშვილის ქ. N7-ში მდებარე შენობის ნახევარი სააგენტოს საკუთრებაშია, ხოლო მეორე ნახევარი სამხატვრო აკადემიის.

სულხან სალაძემ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ასახულია დამტვრეული კედლები. მისი თქმით, მას შემდეგ რაც სააგენტო სამხატვრო აკადემიასთან „სასურველ შედეგს სწრაფად ვერ მიაღწია, საქმეში კედლის სამტვრევი ჩართო“ და კედლის მტვრევა დაიწყო.

იურისტის განცხადებით, სააგენტომ სამხატვრო აკადემიას შენობის დაცლისთვის ბოლო დღედ 4 მაისი დაუსახელა, რადგან 5 მაისს მინისტრმა თეა წულუკიანმა შენობაში პრეზენტაცია უნდა გამართოს.

გთავაზობთ სულხან სალაძის განცხადებას სრულად:

„ეს ფოტოები იმ შენობაშია გადაღებული, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და სამხატვრო აკადემიის სასწავლო ლაბორატორიები და სხვა სივრცეებია განთავსებული. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შენობის მისამართია: თბილისი, თაბუკაშვილის ქ. #7 (ძველი #5).

აღნიშნულ შენობაში სააგენტოს 637.67 კვ.მ. უკავია, ხოლო სამხატვრო აკადემიას 653.8 კვ.მ. სახელმწიფოს მხრიდან ეს ფართები ორივეს სრულიად კანონიერად, არსებობის ვადით აქვს გადაცემული.

აკადემიას 2006 წლიდან, ხოლო სააგენტოს 2008 წლიდან. და რა ხდება ახლა? მიმდინარე წლის მარტში, სააგენტოს ახალმა გენერალურმა დირექტორმა გადაწყვიატა, რომ სამხატვრო აკადემია შენობის იმ ნაწილიდან გამოეგდო, რომელსაც აკადემია კანონიერად იკავებს.

ამ მიზნის მისაღწევად, სააგენტოს ხელმძღვანელმა დაუჯერებელი შინაარსის წერილი მისწერა აკადემიას, რომლის მიხედვითაც, თითქოს, სააგენტო 1978 წლიდან ფუნქციონირებდა შენობაში, ხოლო აკადემიამ შენობის „ეტაპობრივად ათვისება“ 2006 წლიდან დაიწყო.

წერილის მიხედვით, სააგენტო სამხატვრო აკადემიას შენობის „რეალური მფლოფელის“, ე.ი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის დაბრუნებას სთხოვდა. ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2008 წელს შეიქმნა. შესაბამისად, სააგენტოს მხრიდან 1978 წელზე მითითება, როგორც წერილის დამწერის, ისე ხელისმომწერის მხრიდან, ტყუილთან ერთად უტვინობაზეც მიუთითებს.

ცხადია, ცალკე აღებული სააგენტოს გენერალური დირექტორი მსგავსი შინაარსის წერილს ვერ დაწერდა და ფართის კანონიერ მოსარგებლეს შენობის დატოვებას ვერ აიძულებდა. რატომ? იმიტომ რომ ფართის დაცლა, ხელშეკრულების შეწყვეტა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ახალი ფართის შეთავაზება, ეკონიმიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ქონების მართვის სააგენტოს საქმეა და არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსი.

დიდი ალბათობთ, სააგენტოს, როგორც წერილის დაწერის, ისე შემდგომი მოქმედებების შესახებ თანხმობა კულტურის მინისტრის მხრიდან წინასწარ ჰქონდა მიღებული.

სააგენტოს წერილს სამხატვრო აკადემიამ საკადრისი პასუხი გასცა, მაგრამ ამით არ დასრულებულა ყველაფერი.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან მოყოლებული, მინისტრმა საქმეში ე.წ. „სატელეფონო სამართალი“ ჩართო. სამინისტროს მაღალი თანმდებობის პირები მუდმივად ახსენებენ სამხატვრო აკადემიას, რომ ფართი 2022 წლის 4 მაისამდე უნდა დატოვოს.

არაფერი შემშლია, სამინისტროს მოთხოვნით ნამდვილად 2022 წლის 4 მაისამდე უნდა დატოვოს აკადემიამ შენობა.

ალბათ არ გაგიკირდებათ თუ ვიტყვი, რომ მოთხოვნა, აკადემიამ 2022 წლის 4 მაისამადე დატოვოს ფართი, სამინისტროს და სააგენტოს მხრიდან, არსად, არცერთ დოკუმენტში არ არის აღნიშნული და წერილობით არ ფიქსირდება.

სხვათა შორის, ზეპირი დავალებები, მოთხოვნები და შემოთვლები წულუკიანის მართვის სტილია. ის თვლის, რომ ყველაფერი რაც სიბნელეა და უკანონობაა, ქაღალდეზე არ უნდა დაიწეროს, უბრალოდ, საჭიროა მისმა ქვეშევრდომებმა უსიტყვოდ შეასრულონ მისი ყველა ახირება.

ყველაფერი, რაც ზემოთ წაიკითხეთ სიმართლეა. ოღონდ, ჯერ მხოლოდ ნაწილი იცით ამ ამბის.

მას შემდეგ, რაც სააგენტომ სასურველ შედეგს სწრაფად ვერ მიაღწია, ტაქტიკა შეცვალა და საქმეში კედლის სატეხი/სამტვრევი მოწყობილობა ჩართო!

მიმდინარე წლის 4 აპრილს, ორშაბათ დღეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, იმ სააგენტომ, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებლება დაწესებულების სახელწოდებაშივე უწერია, ადგა და შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, კედლის ნგრევა დაიწყო!

მარჯვენა ფოტო სააგენტოს მხრიდან არის გადაღებული, ხოლო მარცხენა აკადემიის მხრიდან. ეს ორი ფოტო, უბრალოდ ერთი კედლის ორი მხარე არ გეგონოთ. ეს სწორედ ის რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ.

ის, ვისაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევალება, კედლის სატეხით „დგას“ კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე. აქვე, სანამ სამინისტროსა და სააგენტოში კედლის თვითნებურად ნგრევის ფაქტს უარყოფენ, დავასწრებ და ვიტყვი, რომ ამ კედლის ნგრევის სხვა მტკიცებულებებიც არსებობს და ტყუილად, შავზე თეთრის მტკიცებას ნუ დაიწყებენ.

უმჯობესია, ნგრევასთან დაკავშირებული ის მტკიცებულებები წარმოდგინონ, რაც მათი მოქმედების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ანუ, ვინ მიიღო წერილობითი გადაწყვეტილება; ინფორმიერებული იყო თუ არა აღნიშნულის შესახებ ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და არსებობდა, თუ არა შესაბამისი წერილობით თანხმობა; შეატყობინეს თუ არა წინასწარ სამხატვრო აკადემიას და ა.შ.

კედლის გამონგრევის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დროებით პაუზა აიღო. ახლა ყველა 4 მაისის მოლოდინშია. როგორც ამბობენ, წულუკიანს უთქვამს, რომ 5 მაისს სააგენტოში მისვლას და პრეზენტაციის გამართვას აპირებს.

ოღონდ რა პრეზენტაციის, უცნობია. მინისტრმა ალბათ არ იცის, რომ 2022 წლის 4 მაისისთვის სამხატვრო აკადემია შენობას ვერ დაცლის. უბრალოდ, ეს შეუძლებელია. აკადემიის ლაბორატორია, სასაწავლო პროცესი, იქ დაცული არტეფაქტები, ნიმუშები და სხვადასხვა სახის მასალები იაფფასიანი ავეჯი არ არის, რომ სატვრითო მანქანა მიაყენო, დატვირთო და მერე სხვაგან დაასაწყობო (თუ გახსოვთ ასე აპირებდა 2021-ში წულუკიანი ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციას).

საბოლოოდ, ალბათ მაინც გამოაგდებს წულუკიანი სამხატვრო აკადემიას თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული შენობიდან, ოღონდ, ვინ დაფარავს იმ ხარჯებს, რაც აკადემიის ლაბორატორიის, არტეფაქტების, ნიმუშების, მასალების და სხვა საშუალებების სათანდო წესით ტრანსპორტირება გამართვისათვის არის საჭირო, არავინ იცის.

ისევე, როგორც არავინ იცის როგორ აპირებს სააგენტო შენობის იმ ნაწილში კანონიერად შესვლას, რომლის მოვლა-შენახვასა და დადგენილი წესით გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სამხატვრო აკადემიას ეკუთვნის.

სამაგიეროდ, შეგვიძლია თავი იმით „დავიმშვიდოთ“, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პირობებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სულ უფრო მეტად ემსგავსება ძეგლების ნგრევის სააგენტოს. სამწუხაროდ, ახლა უკვე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, – წერს სულხან სალაძე.

„პუბლიკა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას მოძიებას შეეცდება და ამის შესახებ მკითხველს ეცნობება.