„ეჭვი მეპარება, ამ პარლამენტმა მიიღოს დასაქმებულების მხარდამჭერი გადაწყვეტილება" – აქცია პარლამენტთან

პუბლიკა

„სოლიდარობის ქსელმა“ და დამოუკიდებელი  პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა პარლამენტთან დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა მოითხოვეს.

17 თებერვალს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის კანონპროექტი კომიტეტში უკვე მომზადებულია და მალე მოხდება მისი ინიცირება. მანვე შესთავაზა ბექა ნაცვლიშვილს ამ კანონპროექტების შერწყმა.

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013-ის“ თავმჯდომარის, ზაზა ბარბაქაძის თქმით, კანონპროექტი, რომელიც მშრომელ ადამიანებთან ერთად დაიწერა, სავარაუდოდ, დეპუტატებს არც წაუკითხავთ.

„ჩვენ ეს კანონპროექტი მშრომელ ხალხთან ერთად დავწერეთ. ამაზე ათი ათასობით ხელმოწერაა შეგროვებული და საზოგადოება იყო ინფორმირებული. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დეპუტატებს წაკითხულიც კი არ ჰქონდათ ეს კანონპროექტი“, – ამბობს ზაზა ბარბაქაძე.

ბარბაქაძე ჰყვება, რომ დეპუტატებმა თავდაპირველად მხარდაჭერა გამოხატეს, კრიტიკული შეკითხვები არ დაუსვამთ, მაგრამ ცქიტიშვილის ინიციატივის შემდეგ კანონპროექტს მხარი აღარ დაუჭირეს.

„მშრომელთა ხმა არ ესმის პარლამენტს. მოვითხოვთ, რომ ამ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი და მხარი დაუჭირონ, რადგან ათი ათასობით მშრომელი აწერს ხელს ამ კანონპროექტს“, – ამბობს ზაზა ბარბაქაძე.

„სოლიდარობის ქსელის“  წარმომადგენლის დავით ომსარაშვილის თქმით, კანონპროექტი, რომელსაც მხარი არ დაუჭირეს, დასაქმებულთა რეალურ ინტერესებს ითვალისწინებს, მათ შორის, მინიმალური ხელფასის შემოტანითა და სამუშაო დროის მოწესრიგებით.

„რაზე ვსაუბრობთ ჩვენ: ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა მოწესრიგდეს აუცილებლად სამუშაო დრო შრომის კოდექსში, რათა დამსაქმებლებს აღარ მიეცეთ საშუალება, 80-100 საათი ამუშაონ დასაქმებულები ანაზღაურების გარეშე. უნდა დამთავრდეს მოპარული ხელფასების დრო“, – ამბობს დავით ომსარაშვილი.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრის, თეა მაღრაძის თქმით, კანონპროექტის განხილვას ადამიანის უფლებათა კომიტეტში ესწრებოდნენ მოქალაქეები, რომელთა უფლებების შელახვაც ამ კანონპროექტს უნდა მოეწესრიგებინა. დეპუტატებმა კი გაუგებარი მიზეზით მშრომელთა უფლებების დაცვაზე უარი თქვეს.

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლის, რეზი კარანაძის აზრით, დეპუტატების გადაწყვეტილება და მათ დამოკიდებულება დამამცირებელი იყო.

„განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ 20-ზე მეტი მშრომელი ადამიანი მივიდა კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც ეხება ადამიანების შრომას, მის განხილვაზე მივიდა მხოლოდ 4-5 დეპუტატი. ცხადია, რომ ეს დამამცირებელი დამოკიდებულებაა. ბიზნესლობისტები არიან, წერენ კანონპროექტებს, რომლებიც რეალურად არ ემსახურება ხალხს. ჩვენ ვითხოვთ 1,5 ტარიფით ზეგანაკვეთური ანაზღაურების გაზრდას და მე ეჭვი მეპარება, რომ ამ პარლამენტარებმა და ამ პარლამენტმა, რომელიც არ წარმოადგენს დღეს ხალხის ინტერესებს, მიიღონ სახალხო, დასაქმებულების მხარდამჭერი გადაწყვეტილება“, – ამბობს კარანაძე.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი

დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებით მომზადებული კანონპროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტით განიმარტება სამუშაო დრო და არაორაზროვნად დგინდება, რომ სამუშაო დრო არის დროის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული იმყოფება დამსაქმებლის განკარგულებაში (მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა იგი სამუშაო ადგილზე) და ვალდებულია შეასრულოს შრომის ხელშეკრულებითა და ამ კანონით დადგენილი ვალდებულებები. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

პროექტით, სავალდებულოდ დგინდება კვირაში ერთი დასვენების დღე მაინც, რომელიც, კანონპროექტის ავტორების თქმით, დღეს არსებული რედაქციით დაურეგულირებელია.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში და რომელ დასაქმებულზე უნდა გავრცელდეს 48-საათიანი სამუშაო რეჟიმი კვირაში. „კერძოდ კონკრეტდება, რომ იმისათვის, რომ დასაქმებულზე გავრცელდეს 48-საათიანი სამუშაო რეჟიმი საჭიროა: წარმოების/შრომითი პროცესი და დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაო ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს. დასაქმებულის ჩანაცვლება იწვევდეს სამუშაოს უწყვეტობის დარღვევას,ან/და დამსაქმებლისთვის შეუსაბამოდ მაღალ ხარჯებს. მე-14 მუხლის მეხუთე პუნქტი არაორაზროვნად ადგენს, თუ რას ნიშნავს დასვენების დრო და მინიმუმ რამდენს უნდა შეადგენდეს იგი სამუშაოს შემდეგ. აღნიშნული ცვლილებებით ახლებურად რეგულირდება დასვენების დროის ხანგრძლივობა და იგი მინიმუმ იმდენს უნდა შეადგენდეს, რამდენი საათიც იმუშავებს დასაქმებული, თუმცა არანაკლებ 12 საათისა. აღნიშნული აღკვეთს ისეთ ფაქტებს, როგორიც არის 24 საათიანი სამუშაო დღის მომდევნო 12 საათის შემდეგ დასაქმებულის კვლავ სამუშაო ადგილას გამოძახება“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონის პროექტში წერია, რომ დასაქმებულმა არ შეიძლება, იმუშაოს შესვენების გარეშე, თუ მისი სამუშაო დღის ხანგრძლივობა 4 საათს აღემატება. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა 4 საათზე მეტსა და 9 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება, შესვენების დრო უნდა იყოს წინასწარ წერილობით დადგენილი, სულ მცირე, 45 წუთი; ხოლო თუ სამუშაო დროს ხანგრძლივობა 9 საათს აღემატება, შესვენების დრო უნდა იყოს, სულ მცირე, 60 წუთი მაინც. ღამის სამუშაოზე დასაქმებულს, თუ მისი სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 4 საათს, დამატებით უნდა მიეცეს შესვენების 60 წუთი მაინც.

კანონპროექტით ასევე დგინდება არასრულწლოვანი დასაქმებულებისათვის კვირაში მაქსიმალური სამუშაო დროის ხანგრძლივობა. ავტორების თქმით, აღნიშნულის მოუწესრიგებლობა ხშირად იწვევს არასრულწლოვანთათვის შეუსაბამოდ ხანგრძლივი დროით დასაქმება, რაც საფრთხეს უქმნის როგორც მათ ჯანმრთელობას, ასევე გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.

„მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად მოქმედი რედაქციით სამუშაო დროის აღწერის ვალდებულება დამსაქმებელს არ გააჩნია. აღნიშნული შესაბამისად საფრთხეს უქმნის სხვა ისეთი ნორმების სრულფასოვნად ფუნქციონირებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სამუშაო დროს. ახალი რედაქციით დამსაქმებელი ვალდებული იქნება აწარმოოს სამუშაო დროის აღწერა და აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამუშაო დროის შესახებ წარმოშობილი დავის შემთხვევაში სწორედ მას ეკისრება სამუშაო დროსთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.