2 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა მოქალაქემ მოსკოვის ცენტრში „ომონის“ კუთვნილ ავტობუსს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი ავტობუსის წინა კარს წაეკიდა, თვითმხილველების თქმით, ის ორიოდე წუთს იწვოდა.
რუსმა სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს პირი, ვინც „ომონის“ ავტობუსს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ის ვიტალი კოლცოვი აღმოჩნდა, კაცი, რომელიც, როგორც რუსული მედია წერს, ადრეც დაუკავებიათ – „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და არასანქცირებულ შეკრებებში მონაწილეობისთვის“.
45 წლის ვიტალი კოლცოვს სამი შვილი ჰყავს. ის ფილოსოფოსია, მოსკოვის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 90-იან წლებში ის ტოლკინის შემოქმედებით და ინტელექტუალური თამაშებით იყო გატაცებული.
2010 წლიდან აქტიურად ერთვებოდა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. წერდა მოსაზრებებს, აპროტესტებდა უსამართლობას. აპროტესტებდა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს რუსეთში.
თავადაც ორჯერ დააკავეს, პოლიტიკური აქტივობის გამო – თავდაპირველად 2014 წელს, შემდეგ კი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე.
ბოლო დროს კოლცოვი Facebook-ზე განსაკუთრებულად არ აქტიურობდა, თუმცა მოსკოვის ცენტრში გასვლასა და „ომონის“ ავტობუსისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლამდე თავისი ძველი ლექსი გამოაქვეყნა. ბევრმა მისი ეს ნაბიჯი დაუკავშირა განზრახვას, გამოეხატა პროტესტი რუსეთში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ.
„თუ დღე სამუდამოდ ჩაქრება –
არ მიილევა ჩვენი დიდება.
სიკვდილი მხოლოდ ერთხელ გვეძლევა,
მას ვირჩევთ ზნეობის მიხედვით.
რომ დავინახოთ ჩვენ საბოლოოდ,
ჩვენს მხურვალე გულებს
როგორ უდაბნოსავით გაანათებს ამომავალი მნათობი“. – წერდა კოლცოვი.
ვიტალი კოლცოვს მოსკოვში ხამოვნიკის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც „მედიაზონა“ წერს, მას პოლიციის ოფიცრის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, ეს კი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც აღმოჩნდა, ავტობუსში რუსეთის ეროვნული გვარდიის წევრი ალექსანდრ ფედიაევი იჯდა, სწორედ ამის გამო დაუმძიმდა ბრალი კოლცოვს.
თუმცა, „მედიაზონა“ წერს, რომფედიაევი არ დაღუპულა და მათ საქმეში ვერ მიაკვლიეს ინფორმაციას, მიიღო თუ არა დაზიანებები სამართალდამცველმა. ასე რომ, ამის გათვალისწინებით, კოლცოვს სასჯელის უმაღლესი ზომა არ უნდა დაეკისროს.
„აშკარაა, რომ სასამართლო არ განიხილავს კვალიფიკაციის საკითხს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მე არავის მოკვლა არ მქონია განზრახული, მხოლოდ მანქანის დაზიანება დავგეგმე. არ ვიცოდი, შიგნით თუ ვინმე იყო, თანაც ცეცხლი, რომელიც ავტობუსის წინა კარზე პედალს წაეკიდა, ძალიან მალე ჩაქრა.
ასე რომ, იქ მყოფებიც მარტივად დატოვებდნენ მანქანას. დანაშაულის კვალიფიკაცია სწორად არ მიმაჩნია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ მე დანაშაული ჩავიდინე“, – თქვა ვიტალი კოლცოვმა სასამართლოზე.
კოლცოვის ადვოკატი და მისი ცოლი ითხოვენ, რომ მას შინაპატიმრობა შეუფარდონ. ეს შეიძლება ბევრნაირად შეფასდეს – ხულიგნობად თუ ტერორიზმის აქტად, მაგრამ მე არავის მოკვლა არ მქონია გულში, გაიმეორა სასამართლოზე თავად კოლცოვმაც. მან ასევე დაიჩივლა, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისმა ცოლმა კი სთხოვა მოსამართლეს, რომ მისცეს ვიტალის საშუალება შვილების აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან მათი უმცროსი შვილი ერთი წლისაც არაა.
კოლცოვის ცოლი სასამართლოზე შვილთან ერთად მივიდა, მაგრამ დარბაზი დაატოვებინეს, მიზეზი ის იყო, რომ 14 წლამდე ბავშვებისთვის პროცესზე დასწრება არ შეიძლება. კოლცოვი კი ციხეში რჩება.
ვიტალი კოლცოვის დახმარებას მისი მეგობრებიც ცდილობენ – „მათთვის, ვინც ვიტალის იცნობს, ეს ყველაფერი სიგიჟედ ჟღერს. ის მშვიდია, თავმდაბალი, ჩუმი და კეთილი. ნამდვილი რუსი ინტელექტუალი მეცხრამეტე საუკუნიდან“, – წერს კატრინ სახაროვა Facebook-ჯგუფში, რომელიც ვიტალის მეგობრებმა მის დასახმარებლად შექმნეს.