საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფემიციდის შემთხვევებს გამოეხმაურა. ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო სტატისტიკაა.
პრობლემის აღმოსაფხვრელად კი სახელმწიფოს ჩართულობასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა.
„შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობაზე სასაუბროდ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრას გამართავს.
„პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები“, – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.