თურქეთის ხელისუფლების გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც შვედეთმა და ფინეთმა NATO-ს წევრობაზე ბრიუსელში განაცხადი შეიტანეს, ანკარამ მათ მიღებაზე დისკუსია დაბლოკა. კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
ფინეთმა და შვედეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეცვალეს თავიანთი პოზიცია, რომ არ გახდებოდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. მაისში, ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა მათი პოზიცია, რომ ალიანსს მიმართავდნენ წევრობისთვის. დღეს კი სკანდინავიური ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადები ოფიციალურად გადასცეს NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.
თუმცა, თურქეთში ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრებას ეწინააღმდეგებიან. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი მხარს უჭერენ მათ მიერ ტერორისტულად მიჩნეულ ქურთულ ორგანიზაციებს. მათ შორის, ქურთისტანის მუშათა პარტიასა და სირიაში მყოფ ქურთებსაც, რომელთა წინააღმდეგ თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციაც ჩაატარა.
თურქეთის გარდა შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრების წინააღმდეგ არც ერთი სხვა ქვეყანა არ წასულა. დასავლეთში მოელიან, რომ ანკარასთან მათ პოზიციაზე მოლაპარაკების გამართვა შესაძლებელია.
დღეს საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება შვედეთისა და ფინეთისგან ქურთული ორგანიზაციების დაგმობასა და აშშ-ის მიერ ანკარასთვის შეჩერებულ ახალი თაობის F-35 ტიპის თვითმფრინავების პროგრამაში დაბრუნებას მოითხოვს.