სასამართლომ ძველ თბილისში სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა

პუბლიკა

„გარემოსდაცვითმა მოკვლევის ცენტრმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილებული სასჯელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე სოლოლაკის ისტორიულ უბანში დიდი სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა. ინფორმაციას „გარემოსდაცვითი მოკვლევის ცენტრი“ ავრცელებს.

საქალაქო სასამართლომ შეაჩერა შპს „ოლდ სითი გრუპის“ მიერ ლადო ასათიანის №22-ში შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა და მასთან დაკავშირებული ყველა ბრძანება და გადაწყვეტილება.

სამშენებლო პროექტის შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ არის საბოლოო. ეს არის სასჯელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ აღძრული საქმის არსებითად გადაწყვეტამდე აჩერებს შესაბამის ნებართვებს და ადგილზე მიმდინარე ყველა მშენებლობას. ამასთან, მოპასუხეს აქვს აღნიშნული განჩინების გასაჩივრების უფლება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ლადო ასათიანის №22-ში შპს „ოლდ სითი გრუპის“ სამშენებლო პროექტს ესაზღვრება ლადო ასათიანის №15, 16, 18 და 24-ში მდებარე ისტორიული ძეგლები და ასევე მე-17 საუკუნის ზემო ბეთლემის გალავანი.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი დეტალურად ადგენს ასეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში ნებისმიერი საქმიანობისა და მშენებლობის წესებსა და ინსტრუქციებს.

სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ბუფერული ზონების დანიშნულება არის ძეგლების ფიზიკური მდგომარეობისა და მათი მიმდებარე ტერიტორიისა და ხედების კულტურული მთლიანობის დაცვა.  სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ პროექტის მშენებლობა და სხვა ნებართვები არღვევდეს ბუფერულ ზონებთან დაკავშირებულ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს და სერიოზული რისკის ქვეშ აყენებდეს მიმდებარე ისტორიულ ძეგლებს.

„გარემოსდაცვითი მოკვლევის ცენტრის“ დირექტორის – თედ ჯონასის განმარტებით,

„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.  საქართველოში სასამართლოს მიერ სახელმწიფო ორგანოებს წინააღმდეგ აკრძალვითი ღონისძიებების გამოყენება იშვიათია, განსაკუთრებით კი დეველოპერთა ინტერესების საწინააღმდეგოდ.  ასევე სასამართლოს მსჯელობა ნებისმიერი მოქალაქის უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უკანონო დაზიანებისგან დასაცავად სარჩელი აღძრას, მნიშვნელოვანია საქართველოში გარემოსდაცვითი და კულტურული მიმართულებით არსებული კანონმდებლობის განვითარებისათვის. მისასალმებელია სასამართლოს გულმოდგინედ შესრულებული სამუშაო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოჩენილი გამბედაობა.“