საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მოქალაქე ბეჟან ლორთქიფანიძე და ივანე სხირტლაძე საქალაქო სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა პლაკატების შინაარსის გამო: ,,საქართველოს მთავრობა გააჯვი/Georgian government fuck off”, ,,Карабль Грузинской Мечты Иди на Хуй”.
საიას განცხადებით, მათი ორგანიზაციის დახმარებით ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.
„დაჯარიმება დაკავშირებულია 2022 წლის 1 მარტს, ქ. თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გამართული მშვიდობიანი აქციისას გამოყენებულ პლაკატების შინაარსთან. აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და ამავდროულად, აპროტესტებდნენ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ამ მოვლენებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციებს. ბეჟან ლორთქიფანიძეს აქციაზე ეკავა პლაკატი წარწერით – ,,საქართველოს მთავრობა გააჯვი/Georgian government fuck off”, ხოლო ივანე სხირტლაძის პლაკატზე დატანილი იყო ტექსტი – ,,Карабль Грузинской Мечты Иди на Хуй”.
აქციის დასრულების შემდგომ, პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით დააკავა და შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ მიიჩნია, რომ მათ პლაკატებზე არსებული წარწერები იყო შეურაცხმყოფელი და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.
ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ, 2022 წლის 20 აპრილს განიხილა და დაადგინა, რომ აქციაზე გამოყენებული პლაკატების გამო „ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტს“ და ბეჟან ლორთქიფანიძე და ივანე სხირტლაძე 500-500 ლარით დააჯარიმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აქციის მონაწილეთა მიერ გამოყენებული კონკრეტული სიტყვები, შესაძლოა, მიუღებელი იყოს საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილისათვის, თუმცა, გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ გამოხატვის იმ ფორმას, რომელსაც გულგრილად ხვდებიან ან ნეიტრალურად მიიჩნევენ სხვა ადამიანები, არამედ, ასევე, იმგვარ გამოხატვის ფორმებსაც, რასაც საზოგადოება ან მისი გარკვეული ნაწილი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს.
მოცემულ შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოყენებული ფრაზები არ მიემართებოდა კონკრეტულ პირებს, გამოხატავდა აქციის მონაწილეების დამოკიდებულებას/ემოციას და არ ყოფილა გამოყენებული კონსტიტუციასთან შეუთავსებელი მიზნებით. ამდენად, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვისათვის პირების ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა გაუმართლებელია. მოსამართლე გამოტანილ დადგენილებაში საერთოდ არ მსჯელობს პლაკატების შინაარსი რატომ არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. შემაშფოთებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაიცვა დაკავებული პირები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გაუმართლებელი ჩარევისაგან”, – ნათქვამია განცხადებაში.