ფოთში მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ მოსახლეობამ აქცია გამართა და გზა გადაკეტა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქარხნის მუშაობა, რასაც თან ახლავს გამონაბოლქვი და აფეთქებები, მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. მოქალაქეები ამბობენ, რომ ზიანდება მათი საცხოვრებელი კორპუსები.
გუშინ ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ახლოს მდებარე კორპუსის კედლები დაიბზარა. ამის შესახებ ადგილობრივები მედიასთან საუბრობენ.
„მოხდა მორიგი აფეთქება, რომელიც ხშირად მეორდება. გარდა იმისა, რომ გვაწუხებს კვამლი, გაზის სუნი, ჰაერი დაბინძურებულია. ასევე ძლიერი ხმაურია”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ალტერნატიული საცხოვრებლის შეთავაზება და ტერიტორიიდან გაყვანა, ან მეტალურგიული ქარხნის მუშაობის შეჩერება. ფოთის მეტალურგიული ქარხანაა შპს „მოულდ ენდ მეტალს ჯორჯია“ ფლობს.