ეს შეურაცხმყოფელია ევროკავშირის ქვეყნების დიპკორპუსის მიმართ - ჩხიკვაძე „ოცნების“ განცხადებაზე

პუბლიკა

„მე მგონია, რომ ეს განცხადება შეურაცხმყოფელია იმ ქვეყნების დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც საქართველოში არიან აკრედიტებულები“, – ასე აფასებს ვანო ჩხიკვაძე „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებებს, თითქოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გავლენა შეიძლება ევროპელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებთან ოპოზიციის საუბარმა მოახდინოს გავლენა.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები თავიანთი დიპლომატიური კორპუსის შეფასებებს ენდობიან, საელჩოები კი მრავალმხრივ ინფორმაციას იღებენ, ამოწმებენ და ასე აწვდიან თავიანთ ხელისუფლებებს, თუ რა სურათია ამა თუ იმ ქვეყანაში.

„საქართველოში აკრედიტებულია ევროკავშირის 17 წევრი ქვეყნის საელჩო. ისინი მუშაობენ აქ და, ამასთანავე, პოლიტიკურ რეპორტინგს აკეთებენ თავიანთ დედაქალაქებში. ეუბნებიან, რა ხდება, რა სურათია ქვეყანაში.

და რას ნიშნავს ეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ის ქვეყნები დაუჯერებენ ოპოზიციას, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ან ექსპერტს და არა იმ დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც საქართველოში ჰყავთ?!

…საელჩოები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მხრიდან იღებენ ინფორმაციას. ისინი ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისგანაც. ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის ანალიზი იგზავნება. არ არის ისე, რომ მხოლოდ ერთი არხისგან იღებენ და გზავნიან ინფორმაციას, ისინი აგზავნიან გადამოწმებულ ანალიზს“, – თქვა ვანო ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი საქართველომ გარკვეული პირობების დათქმით მიიღოს. მისი მინიჭების შესახებ დისკუსიისას კი ევროკავშირში ყურადღებას დაუთმობენ არა მხოლოდ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს, არამედ ბოლო წლებში საქართველოში დაგროვებულ პრობლემებს. მათ შორის: 5 ივლისის მოვლენებს, აფგან მუხთარლის გატაცებას, არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ მოქალაქეთა სასესხო ვალდებულებების შესყიდვას და სხვ.

ჩხიკვაძის თქმით, საქართველოს მიმართ შესაძლო სპეკტიკური დამოკიდებულების შესაცვლელად ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯები მაინც უნდა გადაედგა, მათ შორის, დაბრუნებოდა შარლ მიშელის შეთანხმებას, მოეწყო ვიზიტები ევროპის ქვეყნებსა და სხვ.