კრიზისი 6 საკრებულოში და საკრებულოთა რეგლამენტი - საიას კვლევა

პუბლიკა

„უმცირესობა უმრავლესობაში– პროცედურული ომი და არჩევნების შემდგომი კრიზისი საკრებულოებში“, – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკრებულოებში შექმნილი ვითარების კვლევის პრეზენტაცია გამართა.

საიას კვლევა შეეხება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, სენაკი, რუსთავი) შექმნილ კრიზისს, მის მიმდინარეობას, გამომწვევ მიზეზებსა და მიღებულ თუ მოსალოდნელ შედეგებს; დოკუმენტი, აგრეთვე, ეთმობა ამ საკრებულოთა რეგლამენტების მნიშვნელოვანი დებულებების მიმოხილვას, რომლებიც საკრებულოების საქმიანობის პროცედურებს აწესრიგებს.

საიას ცნობით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 6-ვე საკრებულოში კრიზისის ძირითადი მიზეზი პარტიებს შორის მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია იყო. მათთვის გადაულახავ წინააღმდეგობად ერთმანეთთან კონსენსუსი და თანამდებობებზე ერთიანი კანდიდატების წარდგენა იქცა. შეთანხმების პროცესი თვეები გაგრძელდა, რამაც ამ საკრებულოების საქმიანობის დაწყება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

რაც შეეხება საკრებულოების რეგლამენტებს, საიამ მათი კვლევის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოკვეთა:

  • საკრებულოთა რეგლამენტები არ შეიცავს რაიმე ანტიკრიზისულ/ანტიჩიხურ მექანიზმებს იმ შემთხვევისთვის, თუ საკრებულო ვერ ირჩევს თანამდებობის პირებს;

  • საკრებულოთა რეგლამენტები არ შეიცავს ისეთ რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობას, თუკი დროებითი სამანდატო კომისია ან საკრებულო არ/ვერ იღებს გადაწყვეტილებას;

  • ბათუმის გარდა, სხვა საკრებულოთა რეგლამენტები არ ითვალისწინებს დროებითი სამანდატო კომისიის წევრების წარდგენის პროცედურას;
  • რეგლამენტებში მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული საკრებულოთა ფრაქციების რეგისტრაციის მომენტი, რაც განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა;
  • ცალკეულ საკრებულოებში არ არის დადგენილი მორიგი სხდომების გამართვის თარიღები (სასესიო პერიოდები), რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევაში გაურკვეველია თვეში 1 სხდომის ჩატარების ზუსტი პერიოდულობა;
  • რეგლამენტები არ ითვალისწინებს პირველი სხდომის დღის წესრიგის ფარგლებში მომდევნო სხდომების მოწვევის ზუსტ პროცედურებს (ინიციატორი, მოწვევაზე უფლებამოსილი პირი, მოწვევის პერიოდულობა);
  • არც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და არც საკრებულოთა რეგლამენტებით არ არის დადგენილი ახალი მოწვევის საკრებულოს არჩევის შემდეგ წინა მოწვევის საკრებულოს სხდომების ჩატარების შესაძლებლობა, რაც განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას აჩენს (მაგალითად, სადავოა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი);
  • საკრებულოთა რეგლამენტები არ შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების, კომისიების დაკომპლექტების, მათი თავმჯდომარეების არჩევის პროცედურების ნაწილში.

კვლევის სრულ დოკუმენტს გაეცანით ბმულზე.