„ჩვენ ვართ ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა, ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში“, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანამ, მოსახლეობამ, საზოგადოებამ უკრაინას აჩვენა სრული სოლიდარობა. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს არავინ სთხოვს იმას, რაც ქვეყნის ძალებს აღემატება.
„ ეს ასი დღე არის ძალიან მძიმე ასი დღე და უკრაინამ მსოფლიოს ბრძოლის, შემართების, თანმიმდევრობისა და გამძლეობის დიდი მაგალითი უჩვენა. ამას ქართველები რომ უყურებენ, აფასებენ სრულად.
ქვეყანამ გამოიჩინა მხარდაჭერა ბევრი კუთხით. მართალია, სხვანაირად ვლაპარაკობთ, მაგრამ სანქციების ნაწილში მიღებული იქნა ის ფინანსური სანქციები, რომელიც არის ყველაზე მძიმე და რომელიც ყველას ევალება, ჩვენც ვართ ამისი ნაწილი. არავინ არ გვთხოვს იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ გვევალება [უკრაინის მიმართ] მორალური სოლიდარობა.
ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენ ვართ ალბათ ერთ-ერთი ქვეყანა, ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, 26 მაისს პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული დროშა, უნდა ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვის დროშაც.
„ეს ჩემი შეხედულებაა, რომ 26 მაისს, დღეს, რომელიც ევროინტერგრაციის ეგიდის ქვეშ იყო ჩატარებული, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული დროშა, ქართული დროშა, შეიძლება ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვას დროშა. არ აქვს მნიშვნელობა შემითავაზებია თუ არა მმართველი გუნდისთვის ეს. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით, უკრაინა არის მთავარი დღევანდელი მიზეზი რატომ არის ეს პროცესი აჩქარებული, ალბათ ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.