საქართველოს პროკურატურამ, დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ ამ უკანასკნელის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, განახორციელა დევნა ჩადენილი ძალადობით. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა“,- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.