ლაშქრობები, კემპინგი და სხვა - თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამას იწყებს

პუბლიკა

თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს, რომ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერიოდულად შესთავაზოს მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისები: ლაშქრობები, საველე-ბანაკები (კემპინგი); საჯომარდო ტურები; ველოტურები თბილისთან ახლო მარშუტებზე; კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია); მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში).

„პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვალიფიციური ინტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და საჭირო აღჭურვილობით. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები და მათი დაინტერესება გაიზარდოს ჯანსაღი აქტივობებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, პროგრამაში 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება და მონაწილეთა რაოდენობა, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება.

თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს ელექტრონული რეგისტრაცის გავლა 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე – www.youthtbilisi.ge შეეძლებათ.