„ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“, ალბათ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში შარშანაც და მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველოში კანონი კანონობს და არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში შემოპარული სააკაშვილიც და ტელეკომპანიის 7 მილიონით გამძარცველი გვარამიაც დღეს კუთვნილ ადგილას იმყოფებიან. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა. თუმცა, რაც არ მოსწონთ კრიმინალების მფარველებს, მოსწონს ქართველ ხალხს – ეს არის მშვიდობა, სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური განვითარება. ვისაც ეს არ მოსწონს, საქართველოს მეგობრად და კეთილმოსურნედ ნამდვილად ვერ იწოდება“,- განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულუა, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.