კობახიძე შეეშვას ჩვენს გარდაცვლილ მეგობარზე ფეხების შეწმენდას - ვატო წერეთელი

პუბლიკა

„მინდა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს, შეეშვას ჩვენს გარდაცვლილ მეგობარზე ფეხების შეწმენდას”, – ასე გამოეხმაურა „TV პირველის“ დირექტორი ვატო წერეთელი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ძალიან დიდი დრო დაეთმო მედიას, მედიაგარემოს. ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავას სახელი გაისმა, ნიკა გვარამიას სახელი, „5 ივლისი”, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაგეგმა, დღეს არ არის არავინ დასჯილი, არც დამკვეთი, არც შემსრულებელი.

მინდა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს, შეეშვას ჩვენს გარდაცვლილ მეგობარზე ფეხების შეწმენდას. ეს სიბინძურე რასაც შენ შვრები, არ გაგივა. „5 ივლისი” და მედიაგარემო, ეს არის თქვენი განაჩენი. თქვენი და ბიძინა ივანიშვილის განაჩენი”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.


„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ფაქტობრივ უზუსტობებსა და ტყუილებს შეიცავს. მაგალითად, მისი თქმით, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც, კობახიძის თქმით, „გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი”.