მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და ბათუმში „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ბათქვამი, გუშინ, 19 ივნისს, ბათუმში, „TV პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა.
„მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ „TVპირველის” სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, თავდასხმა ცალსახად უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რადგან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კოალიციააში ამბიბენ, კიდევ ერთხელ შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა.
„დღეს ხელისუფლება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას. მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა.
მათ შორის, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს 2022 წლის 18 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში „TV პირველის” გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
„TV პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ბათუმში, ოპერატორი ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც მას რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაცია ოპერატორის ცემის შესახებ გაავრცელა ასევე, გამოცემა „ბათუმელებმა“.