ჭიათურაში შუქრუთის მოსახლეობა აქციას მართავს და „ჯორჯიან მანგანეზისგან“კომპენსაციას მოითხოვს – EMC

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენლის, კოტე ერისთავის ინფორმაციით, დღეს ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და შეაფერხა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროს მუშაობა. მოსახლეობამ აქცია 17 თებერვალსაც გამართა.

კოტე ერისთავის თქმით, მოსახლეობა კომპანიისგან დანგრეული საცხოვრებელი სახლებისა და განადგურებული სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის შესაბამის კომპენსაციას მოითხოვს.

„კომპანიის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ მიყენებული ზიანი მათი ბრალი არ არის, თუმცა იმდენად გულისხმიერია, რომ გარკვეულ კომპენსაციას მაინც სთავაზობს.

თავად შუქრუთელების თქმით, კომპანიამ მრავალჯერ დაარღვია კომპენსაციის პირობა და ამიტომ უწევთ კვლავ გარეთ დგომა, სიცივეში, გზების გადაკეტვა და მაღაროსთან მორიგეობა“, – წერს კოტე ერისთავი Facebook-ზე. მისივე თქმით, სოფელში მძიმე პირობებში 282 ოჯახი ცხოვრობს.

ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ. მისი თქმით, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან 5 თვეა, მოლაპარაკება მიმდინარეობს. კომპანიამ მათ რამდენიმე წინადადებაც შესთავაზა, რომელიც მოიცავდა ალტერნატიულ საცხოვრებელს ან კომპენსაციას.

ლომინაძის თქმით, მოლაპარაკების საფუძველი იყო სამართლიანობა როგორც მოსახლეობის, ისე კომპანიისთვის, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, კომპენსაციის მიღების მიზნით სოფელში „გარკვეული ჯგუფების მიერ“ მიწების უკანონო რეგისტრაცია გახშირდა. ლომინაძე ჰყვება, რომ ამან დააზიანა მოლაპარაკების პროცესი და მათი მოთხოვნით, ამ საკითხზე გამოძიებაც დაიწყო.

„სწორედ ეს ჯგუფები ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკებას, რომელიც გონივრული, სამართლიანი იყო და ითვალისწინებდა როგორც მოსახლეობის, ისე კომპანიის ინტერესებს“, – განაცხადა ლომინაძემ.

მერაბ ლომინაძის თქმით, სამართლიანი მოლაპარაკების პირობებში კომპანია თანახმაა, გასცეს კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ შუქრუთის არეალში „ჯორჯიან მანგანეზი“ არ ოპერირებს, მაგრამ მაღაროს გაჩერება აზიანებს არა მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტს, არამედ იქ და „ჯორჯიან მანგანეზის“ ჯგუფში სხვა ადგილებზე – ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასა და ვარცხიხე ჰესში დასაქმებულ ადამიანებს.