საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითმა ორგანიზაციებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებმა, მშობელთა ასოციაციებმა და შშმპ თემის მხარდამჭერებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლს მიშელს და ევროპული საბჭოს წევრებს მიმართავენ.
წერილში საუბარია ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე შშმ თემისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის.
ორგანიზაციები ევროსაბჭოს პრეზიდენტს და მის წევრებს მიმართავენ თხოვნით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინონ საქართველოში მცხოვრები შშმ ადამიანების, მშობლების და მათი მხარდამჭერების პოზიცია და საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თავად კი, შშმპ თემის წარმომადგენლები, სრულად იღებენ პასუხისმგებლობას, რომ აქტიურად ჩაერთვებიან ყველა პირობის შესრულების პროცესში.
###
ევროსაბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს
ევროსაბჭოს წევრებს
ასლი: ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბატონ კარლ ჰარცელს
ძვირფასო პრეზიდენტო,
ძვირფასო წევრებო,
მოგმართავთ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტები, მშობელთა ასოციაციები და შშმპ თემის მხარდამჭერები.
ევროინტეგრაციის დაჩქარებულმა შესაძლებლობამ დიდი იმედი გააჩინა ჩვენ თემში. ქვეყნის ევროპული მომავალი და განვითარება ხომ პირდაპირ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების კეთილდღეობას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ხარისხიან განათლებას, დასაქმებას, ღირსეულ მომავალსა და დამოუკიდებელ ცხოვრებას.
17 ივნისს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები დიდი ვნებათაღელვის საფუძველი გახდა. გაჩნდა განცდა იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესმა შესაძლოა შორეულ მომავალში გადაინაცვლოს და იმ პოზიტიურ საკანონმდებლო ცვლილებებს და პროგრამებს, რაც სახელმწიფომ განახორციელა ჩვენი ადვოკატირების და დონორი ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, შეაფერხებს, ან სულაც დავკარგავთ. ვშიშობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ნეგატიური პასუხით ბუნდოვანი გახდება საქართველოს პოზიტიური განვითარება მომავლში, რაც გამოიწვევს მოსახლეობის ფრუსტრაციას და უიმედობას.
როგორც თქვენს რეკომენდაციებშიც აისახა, დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს საბჭოთა, ხოლო ჩვენ თემს საზოგადოებისგან გარიყვის და ინსტიტუციონალიზაციის უმძიმესი გამოცდილება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების და მშობლების აქტივიზმი ურთულეს გამოწვევებთან არის დაკავშირებული და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, შშმ თემმა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერითა და ძალისხმევით მივაღწიეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას – დღეს ნაკლებად უკვირთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე თუ თანამშრომელი თავის სივრცეში.
ჩვენი ადვოკატირების შედეგია ის, რომ 2014 წელს საქართველოში მოხდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაცია. ჩვენი დიდი ძალისხმევით გაჩნდა კონვენციის აღსრულების და მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმები, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მთავრობაში. საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. მიუხედავად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რაშიც ჩვენი თემის უდიდესი ადამიანური რესურსია გაღებული, უამრავ პრობლემას ვაწყდებით აღსრულების ნაწილში.
სწორედ შექმნილი შესაძლებლობა, მიგვეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დააჩქარებდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, რაც უზრუნველყოფდა არსებული გარემოს გამოსწორებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიან სახელმწიფოში ღირსეულ ცხოვრებას.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ვშიშობთ, რომ ამ მიმართულებით არსებული პროგრესი შეფერხდება. ქვეყანაში პოზიტიური ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი მოტივატორი სწორედ ევროინტეგრაციის პერსპექტივაა და თუ ამ ისტორიულ მომენტში ეს შანსი წაგვერთმევა, ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მშობლები შესაძლოა დიდ სასიკეთო ცვლილებებს ვეღარც მოვესწროთ.
გთხოვთ, 24 ივნისს გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების პოზიცია და საქართველოს მიანიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ კი, შშმპ თემის წარმომადგენლები, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას რომ აქტიურად ჩავერთოთ ყველა პირობის შესრულების პროცესში.
საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ევროპაში ინტეგრაცია, ევროპული ღირებულებები ისტორიული არჩევანი და ურყევი სურვილია!
პატივისცემით,
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
- საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი
- „კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის“ – ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა მშობლების ქსელი
- კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
- მშობელთა საინფორმაციო ცენტრი-PIC , Parent Information Center
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ FAD
- აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კავშირი
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალი
- ახალგაზრდული ორგანიზაცია, ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის- აჭარა
- კავშირი „მშობლების თანადგომა“
- იშვიათი დაავადებების ორგანიზაცია დრავე საქართველო
- მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი “გამმა”
- ასევე ქართულ-ამერიკული აუტიზმის ცენტრი “ლოლიპოპი”
- CDG-GEORGIA- იშვიათი დაავადებების ორგანიზაცია
- ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია
- ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
- სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი – თემი ქედელი
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების ორგანიზაცია „მშობლები“
- “ჩვენი შვილები” – ოზურგეთი
- მოვუსმინოთ სამყაროს -თელავი
- მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია “დია“
- სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშიri
- ფონდი აურესი
- ასოციაცია დეა
- ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
- ასოციაცია ანიკა
- საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
- ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
- ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”
- შშმ ქალთა ალიანსი
- შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
- ქალი და რეალობა
- მზიანი ბილიკი
- ვოლფრამის სინდრომი საქართველო
- ახალი თაობის ხმა
- მზის შვილები
- „ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი“ (GNUSP)
- „მე ვარ ქალი“
- შშმ ქალები თანასწორობისთვის
- გაძლიერების და მდგრადი მხარდაჭერის ცენტრი „ჰარმონია“
- საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი
- პროგრესის ვექტორი
- ოდა ქეარი
- კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
- ,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია”
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
- “მოძრაობა-ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის”
- “ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე”
- ,კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი”
- შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი”
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამოუკიდებელი აქტივისტები:
- ნათია გოგოლაშვილი
- ანნა ნაზღაიძე