ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომითი მედიაცია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა.
სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების შედეგად, დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და „IDS ბორჯომი საქართველო“ სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკების პროცესში პირადად ჩაერთო მისი წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
როგორც პრემიერმა განაცხადა „IDS ბორჯომი საქართველოში“ დასაქმებული თითოეული თანამშრომლის უფლების დაცვა უზრუნველყოფილი იქნება. სამედიაციო შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოაწერეს“, – ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები 31 მაისს გაიფიცნენ. დასაქმებულები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც „IDS ბორჯომმა“ სანქციების გამო წარმოების დროებით გაჩერების შემდეგ დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალი პირობები შესთავაზა.
მოგვიანებით კომპანიამ 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც კომპანია აცხადებდა, „თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის” მისაღები არ აღმოჩნდა ხელშეკრულების შეცვლილი პირობები, რის გამოც რეორგანიზაციის პროცესი დაიწყეს.