სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე 20 ივნისს გამართულ აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარს განმარტავს. კახა სამხარაძის თქმით, მას აქციაზე მისული მოქალაქეების მიმართ, რომელთა შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მათი თანამოაზრეებიც იყვნენ, შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ეს სიტყვები სხვა მნიშვნელობით იხმარა.
„ჩემი Facebook არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი Facebook-ჯგუფი არის დახურული – ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.
ის სიტყვა, რომელზედაც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები… სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს „ჩიტს“, ეგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. „უგზო-უკვლოდ მფრინავი ჩიტები“ – ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს“, – თქვა კახა სამხარაძემ.
კახა სამხარაძემ გუშინ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. პოსტი სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა.
მედიაში სამხარაძის პოსტის, ე.წ. „სქრინშოტი“ გავრცელდა, თუმცა ამჟამად სამხარაძის პროფილი Facebook-ზე აღარ იძებნება.