საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 23 ივნისს, დაჩქარებული წესით, ორდღიანი განხილვის შედეგად მიიღო ცვლილებები საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში, რომელიც ბათუმში მშენებლობებს ეხება. ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მწვავედ აკრიტიკებდნენ კანონპროექტს და საბოლოოდ ტექსტი უმნიშვნელოდ შეიცვალა.
მათი თქმით, კანონპროექტის საბოლოო ვერსიით კვლავ არის შესაძლებელი ბათუმში, თვითნებური, საჯარო ინტერესთან შეუთავსებელი და დაუსაბუთებელი სამშენებლო ნებართვების გაცემა.
განცხადების თანახმად, მაღალია დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილების რისკები – თავდაპირველად ინიციირებული ტექსტისგან განსხვავებით, სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტების, ასევე კანონით დადგენილი სამშენებლო რეგულაციების გვერდის ავლით, მშენებლობის ნებართვების გაცემისა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების უფლება ბათუმის მერს სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში ექნება, ხოლო, საბოლოოდ გადაწყვეტილებას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაამტკიცებს.
პირვანდელ ვერსიაში კი მერს ენიჭებოდა ექსკლუზიური უფლება სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის გარეშე.
„გადაწყვეტილების მიმღებთა გამრავალფეროვნება მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებს, რადგან საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სათათბირო საბჭოს შემადგენლობას ერთპიროვნულად ამტკიცებს ბათუმის მერი, ხოლო საქმიანობის წესს განსაზღვრავს ბათუმის საკრებულო“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, ამგვარი გამონაკლისის დაშვების უფლება, ბათუმის მერს ეძლევა, მიუხედავად ბათუმის მუნიციპალიტეტში გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესისა. კანონპროექტის დათქმით, მერს შეეძლება სამშენებლო კოეფიციენტების თვითნებური გადამეტება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე (არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა).
„ფართოა და არაერთ შემთხვევას ერგება კანონპროექტით განსაზღვრული ჩამონათვალი, სადაც საგამონაკლისო წესის გამოყენება ხდება შესაძლებელი“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, ინიციირებული ცვლილებები არ ემსახურება უსახლკარობის უმწვავესი პრობლემის მოგვარებას, არამედ, ბიზნესის ინტერესის გამო საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებაა, რაც სამშენებლო ბიზნესწრეებთან ჩაკეტილ, კარს მიღმა მოლაპარაკების პრაქტიკას გააძლიერებს და საბოლოოდ გაანადგურებს სივრცით და ეკოლოგიურ მდგომარეობას ბათუმში.
განცხადებას ავრცელებენ:
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.