ჭიათურაში, სოფელ შუქრუთისა და ითხვისის მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციებს მოითხოვენ. მათ პარალიზებული აქვთ მაღაროების გვირაბები, – ამის შესახებ „პუბლიკას” სოფელ შუქრუთის მოსახლემ ჯანო ლაბაძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიის საქმიანობის შედეგად მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ინგრევა.
„შუქრუთში სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი”. მადანს გამოიმუშავებენ 14 გვირაბით, რაც სოფლის მთელ ტერიტორიაზე გადის, შესაბამისად იბზარება სახლები, ინგრევა და ეკოლოგიური მდგომარეობაა ძალიან ცუდი.
პიკეტირებული გვაქვს 14-ივე გვირაბი, რაც ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე გადის და ვითხოვთ, კომპენსაციას როგორ უკვე დამგვარი ზარალის, ასევე მოსალოდნელი ზარალის, რასაც მათი სამუშაოების გაგრძელება გამოიწვევს”, -ამბობს ჯანო ლაბაძე.
მისი თქმით, მოსახლეობამ პროტესტის ამ ფორმას უკვე მე-6 დღეა მიმართა. მისივე ცნობით, მსგავსი მძიმე სიტუაციაა სოფელ ითხვისშიც. ლაბაძის ცნობით, ითხვისის მოსხლეობამ დღეს ითხვისის მაღაროს გვირაბი გადაკეტა.
ამასთან, დღეს შუქრუთის მოსახლეობამ ჭიათურაში გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღებასა და მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვენ.
„გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, სხვა გზა არ დაგვრჩენია”, – ამბობს ჯანო ლაბაძე.
გუშინ, 21 თებერვალს ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ. მისი თქმით, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან 5 თვეა, მოლაპარაკება მიმდინარეობს. კომპანიამ მათ რამდენიმე წინადადებაც შესთავაზა, რომელიც მოიცავდა ალტერნატიულ საცხოვრებელს ან კომპენსაციას.
ლომინაძის თქმით, მოლაპარაკების საფუძველი იყო სამართლიანობა როგორც მოსახლეობის, ისე კომპანიისთვის, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, კომპენსაციის მიღების მიზნით სოფელში „გარკვეული ჯგუფების მიერ“ მიწების უკანონო რეგისტრაცია გახშირდა. ლომინაძე ჰყვება, რომ ამან დააზიანა მოლაპარაკების პროცესი და მათი მოთხოვნით, ამ საკითხზე გამოძიებაც დაიწყო.
„სწორედ ეს ჯგუფები ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკებას, რომელიც გონივრული, სამართლიანი იყო და ითვალისწინებდა როგორც მოსახლეობის, ისე კომპანიის ინტერესებს“, – განაცხადა ლომინაძემ.
მერაბ ლომინაძის თქმით, სამართლიანი მოლაპარაკების პირობებში კომპანია თანახმაა, გასცეს კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ შუქრუთის არეალში „ჯორჯიან მანგანეზი“ არ ოპერირებს, მაგრამ მაღაროს გაჩერება აზიანებს არა მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტს, არამედ იქ და „ჯორჯიან მანგანეზის“ ჯგუფში სხვა ადგილებზე – ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასა და ვარცხიხე ჰესში დასაქმებულ ადამიანებს.