გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ყველა პროცესში, რომელიც ევროკავშირის პირობების შესრულების რეალურ მიზანს მოემსახურება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა კომპრომისზე უნდა წავიდეს, ამიტომ თავადაც ჩაერთვებიან „ოცნების“ მიერ წამოწყებულ პროცესში, რათა გამოიყენონ მცირე საშუალებაც კი ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად.
„მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის მიმართ ნდობა მინიმალურია, კომპრომისი არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ყველა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ. ამას ვაცხადებთ იმ პოლიტიკური პარტიის სახელით, რომელიც არასოდეს ყოფილა პოლარიზაციის წყარო. პირიქით, ყველა რესურსი გამოვიყენეთ საკრებულოებში, რათა პარტიების ყურადღება დაპირისპირებიდან მოქალაქეების ინტერესებზე გადაგვეტანა. ამასთან, კომპრომისი ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის ხარჯზე დაუშვებელია! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, დეპოლარიზაციასთან ერთად, საჭიროა ევროკავშირის ყველა პირობის რეალურად შესრულება, რაც კომპრომისს, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან მოითხოვს, ხოლო დეპოლარიზაცია არა ფორმატების შექმნით, არამედ რეალური ნაბიჯებით მიიღწევა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე უცნობია „ოცნების“ მიერ დაანონსებული ფორმატების ფარგლები, არ არის ნათელი მათი რეალური მიზნები, მონაწილეობას მივიღებთ პროცესში, რათა გამოვიყენოთ თუნდაც მცირედი საშუალება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, ქუჩაში გამოსული ათიათასობით ჩვენი მოქალაქის მიზნის მისაღწევად და ამავდროულად არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ ეს ფორმატები მხოლოდ ფასადურად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს“, – განაცხადა მან.
გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა გეგმა, როგორ აპირებს რეფორმების გატარებას. გეგმა, ძირითადად, კომიტეტებთან სამუშაო ჯგუფების ფორმატში კანონპროექტების შემუშავებას ითვალისწინებს.
ოპოზიციის აზრით კი, „ოცნების“ გეგმა დროის გაჭიანურების მცდელობაა და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სხვადასხვა ინიციატივასა და კანონპროექტზე მუშაობა. მათი პოზიციით, ასევე, რიგგარეშე სესიის მოწვევაა საჭირო.